„ახალი ძალების მოძრაობის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სასაცილოა
„ახალი ძალების მოძრაობის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სასაცილოა

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული “ახალი ძალების მოძრაობის” წევრების შეფასებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის წარდგენილი ბრალდებები სასაცილოა. ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე მოვლენების უკან პრეზიდენტი პოროშენკო და უკრაინის პროკურორები დგანან.

ამასთან, მარიანა პოჩტარი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ამ დროისთვის არანაირი დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი. “ახალი ძალების მოძრაობაში” მეტი დეტალის გარკვევას უკვე უახლოეს ხანებში იმედოვნებენ.

“ძალიან სასაცილო ბრალდებებია. რეალურად, პრეზიდენტმა პოროშენკომ და პროკურორებმა სხვა ვერაფრის მოფიქრება ვერ შეძლეს და ახლა ცდილობენ ნებისმიერი მეთოდით იმოქმედონ. ამ დროისთვის ადვოკატებს არ აქვთ არანაირი დოკუმენტი საქმეზე. ერთადერთი დოკუმენტი, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო, ესაა დოკუმენტი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უკანონოდ, ადვოკატების ჩართულობის გარეშე ჩატარდა”, – აღნიშნავს მარიანა პოჩტარი.

ორგანიზაციის კიდევ ერთმა წევრმა , ტატიანა ნოვიკოვამ კი აღნიშნა, რომ “ახალი ძალების მოძრაობისთვის” ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის 256 მუხლის, პირველი ნაწილით ედავებიან, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.

მისივე თქმით, ბრალდებებში სააკაშვილის აქციებში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელის, სერგეი კურჩენკოს ფინანსური ჩართულობაცაა ნახსენები.