ეკა ბესელია - ჩაბუქის ექსტრადირების დასაშვებობაზე გადაწყვეტილება კანონს უნდა შეესაბამებოდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
„ამ საქმის მიმართ დიდი ინტერესია, ასეთი საქმეები ერთგვარი ტესტია, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და საკითხი ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციითა და ქვეყნის ძირითადი კანონით, კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
ჩვენ, პოლიტიკოსებმა სასამართლოს არ უნდა მივუთითოთ, როგორი უნდა იყოს – ან დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს.