ფედერიკა მოგერინიმ რუსეთში ევროკავშირის ელჩთან მარკუს ედერერთან კონსულტაციები გამართა
ფედერიკა მოგერინიმ რუსეთში ევროკავშირის ელჩთან მარკუს ედერერთან კონსულტაციები გამართა

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ რუსეთში ევროკავშირის ელჩთან მარკუს ედერერთან კონსულტაციები გამართა.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ედერერი ოფიციალურ კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს.

გასულ კვირას გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ინგლისში მოწამლული ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის რუსეთიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპელი ლიდერები სერგეი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

როგორც გამოცემა The Times-ი წერს, 20-მა ევროპულმა ქვეყანამ და აშშ-მა შესაძლოა, რუსი დიპლომატები გააძევონ.

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.