სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმებისა და ოჯახის ინფორმაციით, რუს და თურქ სპეციალისტებთან კომუნიკაცია უკვე შედგა და შესაძლებელია, რუსი ექიმი საქართველოში დღეს გვიან ღამითვე ჩამოფრინდეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ტრანსპორტირება დასაშვები იქნება, თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზეც თანახმა არიან.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის კვლავ კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე. იყო მცირეოდენი უარყოფითი დინამიკაც ამ ორი დღის განმავლობაში. რაც შეეხება უცხოელ ექიმებს, გვქონდა კონტაქტი რამდენიმე ექიმთან, ერთ-ერთი მათგანი, მშობლების ინფორმაციით, დღეს ცოტა გვიან გეგმავს თბილისში ჩამოსვლას და ჩვენს კლინიკაში მოსვლას, რათა ადგილზე გაეცნოს პაციენტის მდგომარეობას, ხოლო სხვა უცხოელმა ექიმმა გამოთქვა აზრი, რომ, შესაძლოა, პაციენტი გადაყვანილ იქნას მათ კლინიკაში. ითხოვა დრო დოკუმენტაციის გასაცნობად, ასევე ჩემგანაც მოისმინა კონკრეტული დეტალები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.