დუისში, სახალხო კრების მონაწილეები იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვენ, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრა
დუისში სახალხო კრება დასრულდა, რომელიც პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამმა, ბექხან ფარეულიძემ მოიწვია.
შეკრებას ესწრებოდა ხეობის სხვადსხვა სოფლებიდან ჩამოსული 500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გუშინ, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. ასევე, საუბრობენ ძალის გადამეტებაზე. ხეობის მცხოვრებლები მოითხოვენ იმ სპეცრაზმელის გამოვლენასა და დასჯას, რომელმაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრა.
მათივე, თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში, მათ შორის ხეობაში, კანონის ფარგლებში წესრიგის დამყარებასა და სპეცოპერაციებს, თუმცა გმობენ სპეცოპერაციის ისეთი ფორმით ჩატარებას, როგორითაც გუშინ მოხდა.
სახალხო კრების მონაწილეები, ითხოვენ, გამოძიებული იყოს გუშინდელი სპეცოპერაცია და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გაეცეს პასუხი.
ისინი გამორიცხავენ, რომ დაკავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდეთ ტერორისტებთან. მათივე თქმით, სხვა შემთხვევაში, სოლიდარობას არ გამოუცხადებდნენ ბრალდებულებსა და მათ ოჯახებს.