დიმიტრი ქუმსიშვილმა მინდელის შახტაში დაშავებული მოინახულა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მინდელის შახტაში დაშავებული მოინახულა

პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული მოინახულა, რომელიც შემთხვევის შემდეგ ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა სამთო დარტყმამ გამოიწვია.

„ის, რაც მოვისმინეთ კომპანიის ადმინისტრაციისგან, სპეციალისტებისგან და დაშავებულისგან, მაფიქრებინებს, რომ შემთხვევა უკავშირდება სამთო დარტყმას, თუმცა დანამდვილებით, გამოძიების დასრულებამდე ამის თქმა არ შეგვიძლია“, – განაცხადა მინისტრმა პაციენტის მონახულების შემდეგ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისში რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში კიდევ ორ დაშავებულს მოინახულებს, რომლებიც მინდელის სახელობის შახტაში დაშავდნენ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.