დედამიწის უახლოესი მეზობელი ვენერა არ არის - რომელ პლანეტას ერგო ეს პატივი
დედამიწის უახლოესი მეზობელი ვენერა არ არის - რომელ პლანეტას ერგო ეს პატივი

ითვლება, რომ ვენერა დედამიწის უახლოესი მეზობელი პლანეტაა. იგი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას როგორც ზომით, ისე მასითა და შემადგენლობით. გარდა ამისა, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ვენერა ჩვენთან უახლოესი იყო ფიზიკური მანძილის თვალსაზრისითაც. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პატივი მერკურის ეკუთვნის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი შეცვლილა და იგივეა პლანეტური ორბიტები. მერკური კვლავ მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტაა, ვენერა კი დედამიწის ორბიტასთან ყველაზე ახლოს მოძრაობს. თუმცა, ახალი გამოთვლებით ირკვევა, რომ მერკური საშუალოდ უფრო ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე ვენერა.

ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს, არა? სწორედ ასეთმა ჩახლართულობამ შეიძლება, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს.

„დაუდევრობის, ორაზროვნების ანდაც ზოგადი შეხედულებების გამო, მეცნიერების პოპულარიზატორებმა ინფორმაცია გაავრცელეს პლანეტებს შორის არსებულ საშუალო მანძილის არასწორ მოსაზრებაზე დაყრდნობით. თუმცა, როგორც ორ მოძრავ სხეულს შორის არსებული საშუალო მანძილის უფრო ზუსტი გამოთვლის მეთოდით ირკვევა, დაშორება პროპორციულია შიდა ორბიტის შედარებით რადიუსთან“, — წერენ კვლევის ავტორები, ტომ სტოკმენი, გაბრიელ მონრო და სამუელ კორდნერი.

მათი განცხადებით, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მერკური საშუალოდ უფრო ახლოს არის დედამიწასთან, ვიდრე ვენერა, რადგან ეს უკანასკნელი მზეს უფრო ახლოს უვლის გარშემო.

როგორც ჯგუფი აღნიშნავს, პლანეტებს შორის მანძილს ძირითადად ითვლიან მზიდან მათ დაშორებაზე დაყრდნობით. დედამიწა მზისგან საშუალოდ დაშორებულია ერთი ასტრონომიული ერთეულით, ვენერა 0,722 ერთეულით, მერკური კი 0,387 ერთეულით.

თუმცა, თუ ვენერას დაშორებას დედამიწისას გამოაკლებთ, მიღებული ციფრი არის საშუალო დაშორება მათ ორბიტებს შორის და არა თავად პლანეტებს შორის. იმის გამო, რომ პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ, გარკვეულ დროს ისინი მზის სხვადასხვა მხარეს ატარებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ მერკური მზესთან უფრო ახლოს არის, მანძილი მასა და დედამიწას შორის მაშინ, როცა ისინი ორბიტის ყველაზე შორ წერტილებში იმყოფებიან, გაცილებით მცირეა, ვიდრე დედამიწასა და ვენერას შორის.

კონკრეტულ, ერთ სიბრტყეში მდებარე, წრიულ ორბიტაზე მყოფ ორ პლანეტას შორის საშუალო მანძილის გამოსათვლელად ჯგუფმა ე. წ. წერტილი-წრის მეთოდი, ანუ PCM განტოლება გამოიყენა.

შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მერკური არა მხოლოდ დედამიწის, არამედ საშუალოდ ყველაზე ახლო პლანეტაა მზის სისტემის ყველა სხვა დანარჩენი პლანეტისთვის. დიახ, ნეპტუნისა და ჯუჯა პლანეტა პლუტონისთვისაც კი.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ერთ სიბრტყეზე, კონკრეტულ, წრიულ ორბიტაზე მოძრავ ორ სხეულს შორის საშუალო მანძილი მცირდება შიდა ორბიტების რადიუსის შემცირებასთან ერთად.

იმის შესამოწმებლად მათ შექმნეს სიმულაცია, რომელშიც შეტანილია მზის სისტემის ყველა პლანეტის პოზიცია 10 000-წლიან პერიოდში. მიღებული შედეგები მათ შეადარეს მანძილის ტრადიციული გაზომვისა და PCM განტოლების შედეგად მიღებულ მაჩვენებლებს. სიმულაცია მხოლოდ 1 პროცენტით იცვლებოდა PCM განტოლებაში, მაგრამ 300-პროცენტიან სხვაობას იძლეოდა ტრადიციულ მანძილებთან.

მკვლევართა თქმით, ამ დრომდე არავის უცდია, PCM განტოლების კონცეპტი ორბიტებისთვის შეედარებინა.

მათი განცხადებით, სწორი ვარაუდების საფუძველზე, PCM განტოლების გამოყენება შესაძლებელია ორბიტაზე მოძრავ ნებისმიერ სხეულთა შორის არსებული საშუალო მანძილების სწრაფი შეფასებების მისაღებად. გარდა ამისა, ეს მეთოდი შეიძლება გამოსადეგი იყოს თანამგზავრული კომუნიკაციების სწრაფად შესაფასებლად, რომელთა შემთხვევაშიც, სიგნალი მანძილის ზრდასთან ერთად მცირდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე ვიცით ის, რომ ვენერა ჩვენი უახლოესი მეზობელი არ არის, მაგრამ მერკური მზის სისტემის ყველა პლანეტის უახლოესი მეზობელია“, — წერენ მკვლევრები.

მომზადებულია physicstoday.scitation.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.