იუპიტერი და ვენერა დედამიწის ორბიტას ამრუდებენ - რა შედეგები აქვს ამ მოვლენას ჩვენს პლანეტაზე
იუპიტერი და ვენერა დედამიწის ორბიტას ამრუდებენ - რა შედეგები აქვს ამ მოვლენას ჩვენს პლანეტაზე

თუკი ოდესმე გქონიათ განცდა, რომ წრის გარშემო ვმოძრაობთ, მართალი ხართ, მაგრამ ის კოსმოსური წრე, რომელშიც დედამიწაა ჩაჭედილი, სავარაუდოდ, იმაზე ოდნავ დიდია, ვიდრე აქამდე გეგონათ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს დიდი ხნის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის ორბიტას იუპიტერისა და ვენერას გრავიტაცია ამრუდებს ეპიკური ციკლით, რომელიც რეგულარულად მეორდება ყოველ 405 000 წელიწადში.

„კვლევის შედეგი განსაცვიფრებელია, რადგან პლანეტების მოძრაობიდან გამომდინარე, ამ ციკლის არსებობას 50 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან ვვარაუდობდით, მაგრამ ახლა, დამტკიცდა, რომ ის სულ მცირე 215 მლნ წელიწადია არსებობს“, — ამბობს რატგერის უნივერსიტეტის გეომაგნეტიკის მკვლევარი დენის კენტი.

მისი თქმით, მეცნიერებს ახლა უკვე შეუძლიათ ამ 405 000 წლიან ციკლთან ძალიან დიდი სიზუსტით დააკავშირონ ცვლილებები კლიმატში, გარემოში, დინოზავრებში, ძუძუმწოვრებსა თუ ნამარხებში.

ამ ფენომენს, რომელსაც მილანკოვიჩის ციკლს უწოდებენ, მკვლევრები ათწლეულები სწავლობდნენ. ამ ციკლის შედეგად, დედამიწის პრაქტიკულად წრიული ორბიტა მზის გარშემო, 5 პროცენტით ელიფსური ხდება, შემდეგ კი კვლავ წრიულ ტრაექტორიას უბრუნდება.

მაგრამ ამ დრომდე არ არსებობდა მტკიცებულება, რამდენად შორს მიდიოდა ის დედამიწისა და მზის სისტემის ისტორიაში.

საბედნიეროდ, არიზონის შტატის პერტიფაიდ-ფორესტის ეროვნულ პარკში ღრმა ქანების გაბურღვისას, ჩვენ თვალწინ ნათელი სურათი გადაიშალა.

2013 წელს კენტმა და მისმა ჯგუფმა პარკის ტერიტორიაზე ბიუტების (გეოლოგიური ფორმაცია) მიდამოებში კლდეების გაბურღვა დაიწყო და ნიმუშები რადიოზიოტოპებზე შეამოწმეს. შედეგად გამოვლინდა მათი ასაკი და დედამიწის მაგნიტური ველის პოლუსთა გადანაცვლების მტკიცებულებები.

როდესაც ისინი პრეისტორიული ტბის, ნიუარკის აუზის დანალექ ნიმუშებს შეადარეს, გაირკვა, რომ 405 000 წლიანი ციკლი ყველაზე რეგულარული ასტრონომიული მახასიათებელია, რომელიც დაკავშირებულია მზის გარშემო დედამიწის წლიურ ბრუნვასთან.

„არსებობს სხვა, მოკლე ორბიტული ციკლებიც, მაგრამ როდესაც წარსულში იხედებით, ძალიან რთულია იმის ცოდნა, რომელ მათგანთან გაქვს კავშირი, რადგან ისინი დროთა განმავლობაში იცვლება. ამ კონკრეტული ციკლის მთელი სილამაზე კი ის არის, რომ იგი განცალკევებით დგას, არ იცვლება, ყველა დანარჩენი კი მასში მოძრაობს“, — ამბობს კენტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტშიც მუშაობს.

იმის დადასტურებით, რომ ეს მტკიცე, 405 000-წლიანი ციკლი დინოზავრების ეპოქასაც კი უსწრებდა წინ, ამ აღმოჩენას გავლენა ექნება კვლევის წარმოუდგენლად ბევრ სფეროში. შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს ჩვენეული მიდგომა ნამარხებთან და სიცოცხლის ფორმების ევოლუციასთან, რათა უფრო მეტი გავიგოთ პლანეტარული მოძრაობების შესახებ.

თუმცა, ეს აღმოჩენა უპირველეს ყოვლისა, გაარკვევს მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს — მიუხედავად მათი სიშორისა, როგორ ახდენენ გავლენას დედამიწის კლიმატზე ვენერა და იუპიტერი, როგორ მიმდინარეობს სიცხისა და აციების დიდი ციკლები.

ყველამ არა, მაგრამ ზოგიერთმა ამ კვლევის საფუძველზე შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენს პლანეტაზე ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგი არ არის, მაგრამ როგორც ავტორები შენიშნავენ, მილანკოვიჩის მრავალ ათასწლიანი ციკლების შედეგების შემჩნევა ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში შეუძლებელია.

მკვლევართა განცხადებით, კლიმატზე გავლენა იმდენ სხვა რამეს შეუძლია, რომ ეს ციკლი ალბათ სიის ბოლოში მოექცეოდა.

„მეორე მხრივ, მთელი CO2, რომელსაც ჩვენ ამჟამად ჰაერში გავაფრქვევთ, დიდი თავის ტკივილია. სწორედ მას აქვს ეფექტი, რომელიც ამ წუთასვე შეგვიძლია გავზომოთ. პლანეტური ციკლები ცოტა უფრო რთული, დახვეწილია“, — ამბობს აშშ-ის რატგერის უნივერსიტეტის გეომაგნეტიკის მკვლევარი დენის კენტი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია blogs.ei.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით