დედამიწაზე აღმოაჩინეს ვარსკვლავთშორისი მტვერი, რომელიც მზის სისტემაზე ძველია
დედამიწაზე აღმოაჩინეს ვარსკვლავთშორისი მტვერი, რომელიც მზის სისტემაზე ძველია

დედამიწის ზედა ატმოსფეროში შეგროვებული ნაწილაკები, რომლებიც ოდესღაც კომეტებმა მოიტანა, მზის სისტემაზე ძველია. მეცნიერთა თქმით, ამ ვარსკვლავთშორისმა მტვერმა შესაძლოა, გვასწავლოს, როგორ წარმოიქმნება პლანეტები და ვარსკვლავები.

ქიმიური შემადგენლობის ახალი კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ ეს კოსმოსური ნაწილაკები იქ უკვე 4,6 მილიარდი წელია არსებობს და მოსულია უკიდურესად შორიდან.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ჩვენ წინაშეა ის ძალიან საბაზისო ნივთიერებები, რომლებისგანაც შედგება მზის გარშემო ამჟამად მოძრავი პლანეტური სხეულები. აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამყაროს წარმოშობის კვლევებისთვის.

„როგორც ჩვენი დაკვირვებები გვთავაზობს, ეს ეგზოტიკური ნაწილაკები წარმოადგენს მზის სისტემამდელ ვარსკვლავთშორის მტვერს, რომელიც საწყისი კომპონენტია ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოსაქმნელად“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერი ჰოუპ იშიი.

მისი თქმით, ეს გახლავთ 4,6 მილიარდი წლის წინანდელი პლანეტათა ფორმაციის საწყისი ნივთიერებები, რომლებიც უნიკალურ შანსს გვაძლევს მაშინ მიმდინარე პროცესების სიღრმისეულად შესასწავლად.


მზის სისტემის წარმომქმნელი მატერიის ახლოდან შესწავლის შანსი უიშვიათესია. მეცნიერთა აზრით, ის წარმოქმნილია მზის გარშემო ერთ დროს არსებული გაზოვანი ღრუბლების დისკოს კოლაფსირების შედეგად. მსგავსი ჰიპოთეზების შესამოწმებლად, მკვლევრები ხშირად მიმართავენ კომპიუტერულ სიმულაციებს.

ამჯერად, მათ ხელთ აქვთ მტვერი, რომელიც შესაძლოა, მართლაც უკვე ადგილზე იყო მაშინ, როცა მზის სისტემის პლანეტები იბადებოდა.


ამორფული სილიკატი — ნახშირბადი და ყინული, რომელიც მილიარდობით წლის წინ იყო წარმოდგენილი, პლანეტებიდან ამჟამად ძირითადად გამქრალი ან შეცვლილია. ამ სუბსტანციების თავდაპირველი ფორმების ხილვა კი ძირითადად კომეტებშია შესაძლებელი.

კომეტის დაჭერის ნაცვლად, მეცნიერებმა გამოიყენეს NASA-ს სტრატოსფერული ხომალდის მიერ შეგროვებული ნიმუშები, რომლებიც კომეტებმა დატოვეს და მას შემდეგ, დედამიწის ზედა ატმოსფეროში დანავარდობენ.

ინფრაწითელი სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპების გამოყენებით, ჯგუფმა ნაწილაკების ქიმიური შემადგენლობის ანალიზი ჩაატარა. ისინი განსაკუთრებით დააკვირდნენ GEMS-ის სახელით ცნობილ მინის მსგავს ნაწილაკთა ქვეჯგუფს (მეტალებსა და სულფიდებში ჩაჭედილი მინა). ისინი რამდენიმე ასეული ნანომეტრის სიზუსტით გაზომეს.

როგორც შედეგებმა აჩვენა, ეს მარცვლები თავდაპირველად ერთმანეთთან შეწებებულა ცივ და რადიაციით მდიდარ გარემოში. ნაწილაკების ბმების დასარღვევად მცირე სითბოც კი საკმარისი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი წარმოქმნილია სადღაც, მზის ნისლეულის გარე ნაწილში — მტვრის, წყალბადის, ჰელიუმისა და სხვა იონიზებული გაზების ღრუბელში, რომლისგანაც დაიბადა მზის სისტემა.


„ორგანული ნახშირბადის სპეციფიკური ტიპების არსებობა ნაწილაკების როგორც შიდა, ისე გარე რეგიონებში, იმაზე მიუთითებს, რომ ფორმაციის პროცესი მთლიანად დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობდა“, — ამბობს მკვლევარი ჯიმ კლისტოუნი.

შესაბამისად, როგორც იგი აღნიშნავს, პლანეტათშორისი მტვრის ეს ნაწილაკები მაშინდელია, სანამ მზის სისტემაში პლანეტური სხეულები წარმოიქმნებოდა.

მკვლევართა ვარაუდით, ცივ და ცარიელ მზის სისტემაში ამ ნაწილაკების ერთად შეჯგუფებასა და თანდათან პლანეტების წარმოქმნაზე პასუხისმგებელია გარკვეული სახის წებოვანი ორგანული ნივთიერება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა თითქმის 5 მილიარდი წლის წინ, მეცნიერები გეგმავენ კომეტათა მტვერი უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ, რათა საბოლოოდ ამოხსნან ადრეული მზის სისტემის საიდუმლო.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newscenter.lbl.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი