დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან, მნიშვნელოვნად ზრდის თავსებადობას ალიანსის სტანდარტებთან
დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან, მნიშვნელოვნად ზრდის თავსებადობას ალიანსის სტანდარტებთან

მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, ერთხმად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე, თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო მიწვეულია ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამას მიანიშნებს ასევე ის განხილული თემები, რომლებიც გუშინ განვიხილეთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, ერთხმად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია.

2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატო-ს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაძლიერდა ელემენტები და კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ მხედველობაშია მისაღები, რომ ეს არსებით პაკეტი დიდწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით.

გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ში ინტეგრაციის გზა მოიცავს როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით არსებულ რეფორმებს. ეს იყო კიდევ ერთი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი შედეგია ნატო-ს შესაბამისი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი „ნატო 2030“.

„ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ორგანიზაცია და რა მნიშვნელოვან მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მოხსენიებული ზუსტად ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით. ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. იქვე არის მინიშნება, რომ ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, უნდა გაიზარდოს და უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია, გახლავთ ის, რომ არის მოწოდება ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ, რომ  გააფართოონ ნატო-ს ასპირანტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა, აქაც მოხსენიებულია საქართველოსთან, უკრაინასთან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან ერთად. ასევე საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე და რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოსთან მიმართებაში აგრესიულ ქმედებებზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის ჩვენი ნატოელი პარტნიორის დღის წესრიგში, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მათთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გუშინდელი შეხვედრა, ჩემი მხრიდან, იყო მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის დეტალურად მიმეწოდებინა ინფორმაცია, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებაში, იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში, რომელთა გამკლავებაც გვიწევს ჩვენს რეგიონში და ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთოხების კონტექსტში გაძლიერებულ თანამშრომლობაზე.

ვფიქრობ, ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მინისტერიალი საქართველოსთვის. საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე რეგულარულად არის მიწვეული ნატო-ს მინისტერიალზე. მანამდე 2018 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა უპრეცედენტო სამიტის ფორმატში, სადაც საქართველო და უკრაინა გახლდათ მიწვეული და უკვე ორი წელია, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ნატო-ს პარტნიორი წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართ. გუშინ იყო ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალმა გუშინ ნატო-საქართველოს არსებითი, განახლებული პაკეტი დაამტკიცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ.

დატოვე კომენტარი