იენს სტოლტენბერგი - ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას
იენს სტოლტენბერგი - ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას

ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა.

მინისტერიალზე დიპლომატებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

„დღევანდელ მინისტერიალზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში შექმნილი სიტუაცია. ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

რუსეთი აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას. ის აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას ყირიმში და შავ ზღვის რეგიონში სამხედროებს აგზავნის.

ნატო პასუხობს რუსეთს წარმომადგენლობის გაზრდით ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში.

გასულ კვირას ნატო-ს სამხედრო ხომალდებმა ჩაატარეს წვრთნა ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკის“ მონაწილეობით შავ ზღვაში.

საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ღირებული პარტნიორები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მისიებში. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამა და ვაძლიერებთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მე კმაყოფილი ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ განახლებული არსებითი პაკეტის მიღება დაამტკიცეს.

მინისტრები შეთანხმდნენ დამატებითი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე მეტი ვიცოდეთ და გავაძლიეროთ დიალოგი ორივე პარტნიორთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.