ტანია ფაიონი - ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შევხვდებით კოლეგებს უკრაინიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, საქართველოდან, მოლდოვიდან, ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ, იყვნენ მედეგი გამოწვევების წინაშე
ტანია ფაიონი - ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შევხვდებით კოლეგებს უკრაინიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, საქართველოდან, მოლდოვიდან, ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ, იყვნენ მედეგი გამოწვევების წინაშე

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომზე და ვიმსჯელებთ უკრაინის სამომავლო დახმარებაზე, ასევე შევხვდებით კოლეგებს ბოსნია და ჰერცოგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ჩვენს ღირებულ პარტნიორებს, ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ მათ, იყვნენ მედეგები გამოწვევების წინაშე, – ამის შესახებ განცხადება სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონიმ გააკეთა.

მისი თქმით, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინის სამომავლო დახმარებაზე.

„ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე ომზე და ვიმსჯელებთ უკრაინის სამომავლო დახმარებაზე. შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ კულებას და ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ვხედავთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მოქალაქეების სიკვდილს, ენერგეტიკული და წყლის სისტემების დაზიანებას, ეს საკითხები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს განხილული, ზამთარი მოდის, ხალხი ტოვებს ქვეყანას. ასევე, უნდა ვისაუბროთ პასუხისგებაზე ომის დანაშაულებისა და იმ სისასტიკის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ჩემი ქვეყანა, სლოვენია აგრძელებს ყველანაირ მცდელობას უკრაინის დასახმარებლად სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური კუთხით. როგორც იცით, ჩვენ ასევე შევხდებით ჩვენს კოლეგებს ბოსნია და ჰერცოგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ჩვენს ღირებულ პარტნიორებს და ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ მათ, იყვნენ მედეგები გამოწვევების წინაშე. სლოვენია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დასავლეთ ბალკანეთს, რადგან ეს ჩვენი უშუალო სამეზობლოა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა ევროპის მთელ ტერიტორიაზეც“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.