დავით მესხიშვილი - ტაქსით მომსახურება გაძვირდება, თუნდაც საგადასახადო რეგულაცია არ დაწესდეს
დავით მესხიშვილი - ტაქსით მომსახურება გაძვირდება, თუნდაც საგადასახადო რეგულაცია არ დაწესდეს

ვფიქრობ, ტაქსებისთვის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მერის დღევანდელი განცხადება მომზადებული არ იყო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა ვსაუბრობთ, რომ ეს გასაკეთებელია, იქვე ეტაპებიც უნდა ვაჩვენოთ. მოთხოვნები, რაც გაჟღერდა, ჩემთვის ნათელი არ არის. უნდა გამოცხადდეს რეფორმის ყველა ეტაპი, რომ ადამიანი მიხვდეს, უღირს თუ არა მას ამ საქმიანობის გაგრძელება. ასევე გაგვიჩნდა კითხვა, საბოლოო ჯამში, რას ემსახურება ტაქსების ლიცენზირება და ამით რა შედეგს უნდა მივაღწიოთ”, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, მოთხოვნები, რაც გაჟღერდა, ტაქსის მომსახურებას გააძვირებს.

“ტაქსით მომსახურება გაძვირდება. თუნდაც, საგადასახადო რეგულაცია არ დაწესდეს. საგადასახადო რეგულაციის შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება. არ ვამბობ, რომ საგადასახადო რეგულაცია არ უნდა დაწესდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გვქონდეს – მეტრო, ავტობუსები და ა.შ“, – განაცხადა მესხიშვილმა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტექდათვალიერება, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, სხვა ავტომობილებთან ერთად ტაქსებმაც აუცილებლად უნდა გაიარონ, მაგრამ ტექნიკური ინსპექტირება მძღოლისთვის გარკვეული დანახარჯია, რაც მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს.

„მგზავრობის გაძვირებას ნამდვილად ვვარაუდობ. არ ვამბობ, რომ ესა თუ ის რეგულაცია საჭირო არ არის, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ – ჩვენ, ვისაც დღეს 3 ლარით მგზავრობა გვაწყობს, ხვალ 5 და 6 ლარად ვეღარ ვიმგზავრებთ. ამიტომ, ქალაქში ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაიმართოს, მერე კი, ტაქსებზე საგადასახადო რეგულაციებიც დავაწესოთ, რათა ეს ლეგალური ბიზნესი გახდეს“, – განაცხადა “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

დავით მესხიშვილმა ასევე თქვა, რომ ავტობუსების პარკის განახლება 4 წელზეა გათვლილი, დღეს კი, დაახლოებით 1000 ავტობუსი გვჭირდება, რომ დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის სისტემა მეტნაკლებად გაიმართოს.

„როცა ტაქსებზე გარკვეულ ზეწოლას ვაწესებთ, ეს მგზავრებს გვაიძულებს, ტაქსებიდან ავტობუსებში გადავსხდეთ, რაც ცუდი არ არის. მე მომწონს, მაგრამ დღეს ეს ავტობუსები საკმარისი რაოდენობით არ გვყავს და მხოლოდ 4 წლის შემდეგ გვეყოლება“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.