დავით მესხიშვილი - ჩემი აზრით, საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე კომისია არაეფექტიანია
დავით მესხიშვილი - ჩემი აზრით, საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე კომისია არაეფექტიანია

შსს რეაგირებს უკვე მომხდარ ფაქტზე, ანუ სიჩქარის გადაჭარბებაზე, იმაზე, რომ ნასვამი პირი უკვე საჭესთან არის, ეს რომ არ მოხდეს, სად არის სახელმწიფოს პოლიტიკა, – ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტრო დღეს არის ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. იქ არის საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე კომისია, რომელიც ჩემი აზრით, არაეფექტიანია. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული გადაწყვეტა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ღონისძიებებს, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ეტაპობრივად მიმდინარეობს – ღვედები, ქულების სისტემა, ჭკვიანი კამერები და ა.შ, დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული დადებითი ტენდენციები არის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ის არ არის, რისი მიღწევაც საჭიროა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად საჭიროა ფულადი სანქციების ზრდა და ექნება თუ არა ამას მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რადგან მძღოლები სანქციების მატებას ხშირად აპროტესტებენ, დავით მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მძღოლების პროტესტი სამართლიანია.

„მძღოლებს აქვთ პროტესტი, რომ კამერა არ უნდა იყოს გადაცმული, ჩასაფრებული „გაიშნიკი“, რომელიც პატიოსან მძღოლებს აჯარიმებს და არა განზრახ დამრღვევებს. სამწუხაროდ, დედაქალაქში არის ასეთი ადგილები, სადაც ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ საგზაო მოძრაობის წესებს უნებლიედ არღვევ. მაგალითად, მერიასთან როგორც არის გაკეთებული ავტობუსის ზოლი. მიდიხარ და უცებ, ავტობუსის ზოლში ხარ. ჩემი აზრით, იქ დაჯარიმება უსამართლობა იქნება. ასეთ ადგილებში დაჯარიმება მძღოლებში უკმაყოფილებას იწვევს და ჩემი აზრით, სამართლიანად“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ დღეს შესაძლებელია, მართვის მოწმობა უცოდინარმა ადამიანმა აიღოს, არა იმიტომ, რომ იქ კორუფციაა, არამედ იმიტომ, რომ შემუშავებულია გარკვეული თაღლითური მეთოდები და ტესტი ადამიანისთვის უცხო ენაზეც რომ იყოს შედგენილი, ის მართვის მოწმობის აღებას მაინც ახერხებს.

„ეს უნდა შევცვალოთ, რადგან საჭესთან უცოდინარი ადამიანი, ყოველგვარი უნარ-ჩვევისა და თეორიული ცოდნის გარეშე, არის პოტენციური მკვლელი“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.