დავით მესხიშვილი - დედაქალაქში ტრანსპორტის მენეჯმენტი არაეფექტიანია, ის ძალიან ძველი, დაახლოებით, 50-იანი, 60-იანი წლების მოდელით მოქმედებს
დავით მესხიშვილი - დედაქალაქში ტრანსპორტის მენეჯმენტი არაეფექტიანია, ის ძალიან ძველი, დაახლოებით, 50-იანი, 60-იანი წლების მოდელით მოქმედებს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2016 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით მიწისქვეშ ბევრი პრობლემა გამოჩნდა, რაც მანამდე, მიწის ზევიდან ისე კარგად არ ჩანდა, – ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს პრობლემები იმას უკავშირდება, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მენეჯმენტი არაეფექტიანია. ის ძალიან ძველი, დაახლოებით, 50-იანი, 60-იანი წლების მოდელით მოქმედებს. როცა ეს კვლევა ჩავატარეთ, ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მერია მოვიწვიეთ, მაგრამ არსებული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩა“, – განაცხადა მესხიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდათ თუ არა მათ შეხვედრა, ან კონსულტაციები დედაქალაქის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან, დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.

„იმედი მაქვს, კონსულტაციები იქნება. ჩვენ ჩასაფრებულის პოზიცია არ გვაქვს, რომ სულ ცუდი მოხდეს და შემდეგ გაგვიხარდეს. პირიქით, თანამშრომლობის რეჟიმი გვინდა“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიდგომა, რომ თუ თქვენ არ იქნებით, სხვა იქნება, პრობლემებიდან გაქცევაა და 3 ივნისამდე, როცა გაფიცვაზეა საუბარი, დრო არის, რომ გარკვეული მოლაპარაკება შედგეს და გამოსავალი მოიძებნოს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ სატრანსპორტო კომპანია მემანქანეთა გათავისუფლებას გეგმავს, დავით მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ის ასე ფიქრობს.

„ჩანაცვლებით პრობლემა ვერ დაიმალება და ის ახალმისულ თანამშრომელსაც დახვდება. პრობლემიდან გაქცევა მის მოგვარებას არ ნიშნავს და სჯობს, მერიამ ისინი მოაგვაროს, ვფიქრობ, მათ ყველანაირი საშუალება აქვთ იმისთვის, რომ პრობლემები მოაგვარონ, მაგრამ ამისთვის მერიაში ტრანსპორტის მიმართულებით სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.