დავით მესხიშვილი - მართვის მოწმობის აღების წესი უნდა გართულდეს
დავით მესხიშვილი - მართვის მოწმობის აღების წესი უნდა გართულდეს

დღევანდელი კანონმდებლობა ლოიალურია ნასვამი მძღოლის მიმართ, რომელიც პოტენციური მკვლელია, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩემი აზრით, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი არ უნდა წყვეტდეს, ასეთმა პირმა მართვის მოწმობა 3 თვის შემდეგ უნდა აიღოს, თუ არ აიღოს. საერთაშორისო პრაქტიკით, საჭესთან მჯდომი ნასვამი პირი ძალიან მკაცრად ისჯება. არსებობს რამდენიმეწლიანი აკრძალვები და ზოგან შესაძლოა, ამის გამო ციხეშიც კი აღმოჩნდე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ვიღაცის დროსტარება და ქეიფი ოჯახებს ანადგურებს. ამიტომ, მათ უნდა მივუდგეთ, როგორც პოტენციურ მკვლელებს და არა როგორც დამრღვევებს“, – განაცხადა მესხიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მარტივი მართვის მოწმობის აღების წესი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, დავით მესხიშვილმა თქვა, რომ მართვის მოწმობის აღების წესი უნდა გართულდეს, რადგან უკვე იმ სიტუაციამდე მივედით, როცა უცოდინარ ადამიანს შეუძლია, გაძვრეს და მართვის მოწმობა აიღოს.

„მომრავლდა თაღლითური ჯგუფები, რომლებმაც ავტო სკოლა დაირქვეს და, რომლებიც მოქალაქეებს გამოცდისთვის კოდირების გზით ამზადებენ. საგამოცდო ტესტი თქვენთვის უცხო ენაზეც რომ იყოს შედგენილი, გეტყვიან, მაგალითად, თუ აქ ჭა ხატია, სწორი პასუხია ბე პუნქტი, ხოლო თუ ხის ტოტი ხატია, სწორი პასუხი ა პუნქტია და ა.შ“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, შესასრულებელია ევრო დირექტივები, რომ პრაქტიკული გამოცდა ქალაქის რეალურ სივრცეში გადავიდეს.

„ამისთვის ავტო სკოლების ასოციაციაც შევქმენით და ყველანი მზად ვართ, რათა ევროპული სტანდარტი დაინერგოს. ევროპული სტანდარტი, თუნდაც გერმანული არის ის, რომ მთავარ გამოცდამდე შიდა გამოცდას ლიცენზირებულ ავტო სკოლაში აბარებთ. გვინდა, ძირეული ცვლილებები მოვახდინოთ განათლების სისტემაში.

საქართველოში ლიცენზირებულ ავტო სკოლები არ არსებობს და შსს–ს მომსახურების სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. თანამშრომლობისთვის სამინისტრო იმდენად ღიაა, რომ ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან მალე გარკვეული შედეგები გვექნება“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.