სიტყვა გალაქტიკის გაგონებისას პირველი, რასაც გაიფიქრებთ, ალბათ არის გრძელი, სპირალური მკლავები, რომლებიც კაშკაშა ცენტრიდან გამოედინება, აჭრელებულია მოელვარე ვარსკვლავთგროვებითა და მტვრის მუქი ზოლებით.
დედამიწიდან შორეული გალაქტიკები უამრავი სხვადასხვა მიმართულებით არის განლაგებული, მათ შორის კიდით ჩვენკენ, როგორც ეს NGC 5907-ის შემთხვევაშია — მას დანის პირის გალაქტიკასაც უწოდებენ. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სამიზნე ამჯერად სწორედ ეს დიდებული ობიექტი გახდა.
როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, არსად შეიმჩნევა სპირალური მკვალევბი. ვარსკვლავთგროვების უმეტესობას სქელი გალაქტიკური მტვერი ფარავს. თუმცა, მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს გალაქტიკა სპირალურია, რადგან მის ცენტრში მაინც ვხედავთ კაშკაშა ნათებას.
ეს კი გახლავთ გალაქტიკური ამოზნექილობა — ვარსკვლავების მკვრივი, მჭიდრო, სფეროსებრი ჯგუფი, რომელიც სპირალურ გალაქტიკაში უმეტესობაში გვხვდება. ასეთი მახასიათებელი ირმის ნახტომსაც აქვს. არ ვიცით, როგორ გამოიყურება ის გარედან, რადგან ჩვენი გალაქტიკის დატოვება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ის შიგნიდან დავინახოთ და სხვა სპირალურ გალაქტიკებზე დაყრდნობით, დანარჩენი ნაწილიც მივამატოთ.
გალაქტიკა NGC 5907 მდებარეობს ჩვენგან 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გველეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით და გამორჩეულია რამდენიმე მახასიათებლით. აქვს ძალიან დაბალი მეტალიანობა; როგორც ანალიზები მიუთითებს, ის ძირითადად შედგება წყალბადისა და ჰელიუმისგან და არც ისე ბევრი სხვა რამისგან. გარდა ამისა, მასში დაფიქსირებულია ძალიან ცოტა გიგანტური ვარსკვლავი.
გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე ელემენტებს ვარსკვლავთა თაობები აწარმოებს, წარმოიქმნება სუპერნოვებში, რომელთა მტვერიც შემდეგი თაობის ვარსკვლავებს გადაეცემა — ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ NGC 5907 ძირითადად შედგება ძალიან ბებერი, დღეგრძელი ჯუჯა ვარსკვლავებისგან.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი NGC 5907-ის შესახებ ხილული ხდება ფოტოს მოახლოებისას. ბოლოდროინდელი კვლევით ირკვევა, რომ გალაქტიკას გარს აკრავს ვარსკვლავების ერთი გიგანტური ნაკადი, რომლის სიგრძეც 700 000 სინათლის წელს აღწევს.
ამ კვლევამდე მიიჩნეოდა, რომ NGC 5907-ის ვარსკვლავურ ნაკადს ჰქონდა ღვინის გასახსნელის მსგავსი, ორმარყუჟიანი ფორმა.
არსებობდა ამის ორი ახსნა. პირველი — გალაქტიკა ყლაპავს მის გარშემო მოძრავ ჯუჯა გალაქტიკას, რასაც ირმის ნახტომი უკეთებს მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკას. მეორე — თავისივე ზომის გალაქტიკასთან შეჯახება დაახლოებით 8-9 მილიარდი წლის წინ.
თუმცა, უახლესმა დაკვირვებებმა მიუთითა მესამე სცენარზე — ახლო შეხვედრა თანამგზავრ გალაქტიკასთან, რომელმაც მისგან ვარსკვლავთა ნაწილი მიიზიდა და გარშემო სარტყელივით შემოაკრა.
ამ ყველაფრის უფრო უფრო ზუსტად გასარკვევად საჭიროა დამატებითი ანალიზები.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.