შეამოწმეთ, რა ფოტო გადაიღო ჰაბლმა თქვენს რომელიმე დაბადების დღეზე
შეამოწმეთ, რა ფოტო გადაიღო ჰაბლმა თქვენს რომელიმე დაბადების დღეზე

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსში 1990 წელს გაუშვეს და მას შემდეგ, მან 1,4 მილიონზე მეტი დაკვირვება ჩაატარა სამყაროს სხვადასხვა ვარსკვლავზე, პლანეტასა თუ გალაქტიკაზე.

ტელესკოპი დაახლოებით სასკოლო ავტობუსის ზომის არის და დედამიწის ორბიტაზე 27 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

სამყაროს შორეულ ობიექტებს ის მიზანში ისეთი სიზუსტით იღებს, როგორც ლაზერული სხივი დაუმიზნო მონეტის კონკრეტულ დეტალს 320 კმ მანძილიდან.

იმის გამო, რომ დედამიწის ატმოსფეროც არ უშლის ხელს, ჰაბლს შეუძლია გაიხედოს ძალიან შორეულ წარსულში, დედამიწიდან 13,4 მილიარდი სინათლის მანძილზეც კი.

წელიწადის 365 დღის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, ყოველ საათში, ჰაბლი მუდმივად დაკავებულია და რაღაცას აკეთებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპის საოცარ კატალოგში მოიძებნება წელიწადის ყოველ დღეს გადაღებული ფოტოები.

ჰაბლის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნასა ერთ სასიამოვნო დეტალს გვთავაზობს. კოსმოსური ტელესკოპის ვებგვერდზე დაამატა ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიუთითოთ თქვენი დაბადების დღის თვე და რიცხვი და ნახოთ, რა ფოტოები გადაიღო ჰაბლმა წინა წლებში თქვენს დაბადების დღეებზე.

გარდა ამისა, ეს ხელსაწყო მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით თავად შემოთავაზებული ობიექტების შესახებაც.

აღმოჩნდა, რომ ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე, 2005 წელს, ჰაბლმა გადაიღო სპირალური გალაქტიკა M81. ის სავსეა ახალგაზრდა, ცხელი ცისფერი ვარსკვლავებით. ფოტოზე არსებული მომწვანო რეგიონები კი წარმოადგენს გაზის ღრუბლებს, რომლებშიც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.

ახალი ხელსაწყოს ხილვა და ფოტოს შემოწმება შეგიძლიათ ამ ბმულზე.

დატოვე კომენტარი