CNN - საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა
CNN - საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა

საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნული იქნება, რომ ოპერაციაში ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამასთან, CNN-ის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ ანგარიში ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, ამიტომ მისი შინაარსი შესაძლოა, შეიცვალოს.

The Washington Post-ის თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი უკანასკნელად სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ნახეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს. The Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები გააჩნია.

გამოძიების ფარგლებში, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში თურქეთის პოლიციამ გვიან ღამით ჩხრეკა ჩაატარა.