ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ
ცაბაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ “თერგის” ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი. პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რომ მოვაჭრეები ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათთვის ხანძრის მიზეზი უცნობია და ამ დრომდე არ ეძლევათ ობიექტზე შესვლის საშუალება.
„ლუკმა პურის გარეშე დავრჩით. დაგვეხმარონ და დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ ყველაფერს ჩვენი შრომით ვაკეთებთ და ერთ დღეში ყველაფერი დავკარგეთ” – აცხადებენ დაზარალებულები.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულების უმრავლესობას საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.