ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა.
ადვოკატებმა და ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მოსამართლე არის მიკერძოებული და საქმის შედეგით დაინტერესებული. მათივე თქმით, ბრალდებულებისათვის უკვე ნათელია, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
ბრალდების მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
პროცესზე დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქმეს კვლავ მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს.
მოსამართლის აცილება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მგელიაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამხარაულის ახალი ექსპერტიზის დართვის თაობაზე.
შუამდგომლობის განხილვას ბრალდებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა, ერთმანეთს ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დაუპირისპირდნენ.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და კიდევ რამდენიმე პირი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებული.
ამასთან, ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია ასევე ზაზა ბაქრაძე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა.
შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელ მარტს დააკავა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.