ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო
ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო

ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო კამპანიის მოტივით არ გამოცხადდა, მისმა ადვოკატმა კი, განაცხადა, რომ პოზიციები დაცვის ქვეშ მყოფთან არ შეუთანხმებია.

დღევანდელ სხდომაზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა დაეკითხათ. მოსამართლემ დაცვის მხარე გააფრთხილა, რომ ოქრუაშვილის დაუსწრებლობის მიუხედავად, შემდეგი სხდომა ჩატარდება და ია მეტრეველი 13 ოქტომბერს დაიკითხება.

ია მეტრეველის თქმით, ოქრუაშვილი ბუტას მკვლელობის დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, მომხდარზე პასუხი უნდა აგოს.

„მთავარი ის არის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მინისტრი მაშინ. იმ დღიდან ვსაუბრობდი ფაქტზე, რომ ის იყო მინისტრი და მის გარეშე არაფერი არ შეიძლება მომხდარიყო. ანუ ის, რაც ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ბავშვი უდანაშაულოდ მომიკლეს, ერთადერთი შვილი, იმის შემდეგ, რაც გააკეთეს, ეს ყველაფერი მან იცოდა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სააკაშვილთან ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, რომ ძალიან იოლად გამოვიდეს ამ საქმიდან. აქამდეც ასე იყო – ნამდვილად ეგონა, რომ ყველაფერი ასე შერჩა მარტივად. სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ის იყო მინისტრი და როგორ შეიძლება რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს ამაზე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.