გიორგი გოგაძე - ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი მაშინ წარვუდგინეთ, როდესაც მტკიცებულებები მოვიპოვეთ
გიორგი გოგაძე - ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი მაშინ წარვუდგინეთ, როდესაც მტკიცებულებები მოვიპოვეთ

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ასე უპასუხა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე დასმულ შეკითხვას, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეს შეეხება.

„ნონსენსია საერთოდ ხანდაზმულობის ვადაზე საუბარი ამ საქმეში, თუმცა ერთს დავამატებ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წაეყენა მაშინ, როდესაც საქმეზე შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებების მოპოვება მოხდა“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.