გია ვოლსკი - რობაქიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიას შავ ლაქად დააჩნდა
გია ვოლსკი - რობაქიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიას შავ ლაქად დააჩნდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიას საკმაოდ შავ ლაქად დააჩნდა.

მისივე თქმით, რობაქიძის საქმის პოლიტიზება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ სტრასბურგიდან 50-ზე მეტი საქმეა ჩამოსული, რომელიც წამების, სიცოცხლის წართმევისა და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დანაშაულებებს ადასტურებს.

„კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დაივიწყეს, რომ სტრასბურგიდან 50-ზე მეტი საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამების, სიცოცხლის წართმევის და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დანაშაულებებს. რობაქიძის საქმე ერთ-ერთია, რომელიც შესაძლოა, სტრასბურგში არ მოხვდა განსახილველად, მაგრამ საკმაოდ შავ ლაქად დააჩნდა საქართველოს თანამედროვე ისტორიას. ამის პოლიტიზება არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. როცა საკითხი ეხება მათ პოლიტიკურ ინტერესს, ისინი არა თუ სდუმან, არამედ უტიფარ განცხადებებს აკეთებენ. განა, რობაქიძის სიკვდილით მთელი საქართველო შეძრული არ იყო ან დღემდე არ არის? ან რომელი პოლიტიკური ძალა არსებობს ისეთი, რომელიც შეცვლის არსებულ რეალობას? – არსებული რეალობა საკმაოდ მძიმეა.

რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მთავრობა და პარლამენტი გეგულებათ ისეთი, რომელიც მიუთითებს პროკურატურას, რომ მძიმე დანაშაული მხოლოდ იმისთვის დაფაროს და დამალოს, რომ საარჩევნო ატმოსფერო არ გააფუჭოს. რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიდოდეს დანაშაული, კონკრეტული დამნაშავე პირი ვისთანაც უნდა იყოს დაკავშირებული, ეს პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს გამოყენებული. დღეს ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება ძველი საქმეების გაცოცხლებაა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება 8 მარტის შეთანხმების ჭრილში უნდა განიხილებოდეს.