ზაზა ბაქრაძის ადვოკატი - საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია
ზაზა ბაქრაძის ადვოკატი - საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია

თბილისის პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძის ადვოკატი ამ წუთებში საქმის პროკურორს ხვდება.

ზაზა შანავას თქმით, ის პროკურატურაში ბაქრაძის დაკითხვის თარიღის შესათანხმებლად და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე სასაუბროდ მივიდა.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატმა ამჯერად აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგებას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

ზაზა შანავას პარალელურად, თბილისის პროკურატურაში მივიდა ბუტა რობაქიძის მამაც, თუმცა როგორც მან განმარტა, პროკურატურაში სხვა საკითხზე იმყოფება, კერძოდ, უნდა შეხვდეს თბილისის პროკურორის მოადგილეს ბუტა რობაქიძის მთავარი საქმიდან გამოყოფილი ეპიზოდის ფარგლებში, რომელიც ყოფილი ჩინოსნების მიმართ მიმდინარეობს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი გლდანის ციხეში დღეს შეხვდა და განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დღესვე დაიწყებოდა.

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალად ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება ბრალად. ბაქრაძე 5 წელია ძებნილად ითვლება და მან საქართველოს საზღვარი გუშინ გამოკვეთა, მანამდე კი სატელევიზიო ეთერით დანაშაული აღიარა.