პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალდების თაობაზე დადგენილების ჩაბარებაზე ორჯერ თქვა უარი, პროცედურა უკვე ითვლება ბრალის წარდგენად
პროკურორი - ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალდების თაობაზე დადგენილების ჩაბარებაზე ორჯერ თქვა უარი, პროცედურა უკვე ითვლება ბრალის წარდგენად

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენა ადვოკატთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა ადვოკატ ვახტანგ იაშვილის განცხადებით, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილთან ვერ მოხერხდა პირობებზე შეთანხმება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ უფლებადამცველის გარეშე რჩება.

„მე შევხვდი ირაკლი ოქრუაშვილს. ვისაუბრეთ მე დავიცავ თუ არა მის უფლებებს. ამ ეტაპზე პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მას ყავს ადვოკატი ჭაბაშვილი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში. ბრალის წარდგენაში მე არ ვმონაწილეობ“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, თუმცა ამის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალი წარდგენილად ითვლება. მისი განმარტებით, ბრალდება უკვე ორჯერ იყო შესული, პირველად ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მისი უფლებები ვახტანგ იაშვილს დაეცვა, ხოლო მეორედ ადვოკატთან ერთად, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილმა კვლავ უარი განაცხადა ბრალდების დადგენილების ჩაბარებაზე.

გამოვცხადდით დაწესებულებაში და ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს განვუცხადეთ, რომ გვსურდა ბრალის წარდგენა. ეს საქმე არ ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას, შესაბამისად ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადა, რომ მისი უფლებადამცველი იქნებოდა ვახტანგ იაშვილი და სურდა მასთან ერთად გასცნობოდა ბრალდების დადგენილებას. მობრძანდა ვახტანგ იაშვილი და შეხვდა ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს. ისინი არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ოთახში ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად, არ ჩაიბარეს ბრალდების ასლი და უარი განაცხადეს ამის თაობაზე შედგენილ ოქმზე ხელის მოწერაზე. ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ და აქიდან გამონდინარე ვერანაირ დოკუმენტზე ვერ მოაწერდა ხელს. მოცემული პროცედურა უკვე ითვლება ბრალის წარდგენად, ვინაიდან ჩვენ რომ ბრალის წარსადგენად შევედით დადასტურებულია. ხოლო ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან მოაწერს თუ არა ხელს შესაბამის დადგენილებას, ეს არის მისი უფლება. ძალით ვერავინ ვერ ჩააბარებს დადგენილებას, თუმცა ორჯერ რომ შემოვედით დადგენილების ჩასაბარებლად დადასტურებულია“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა.