ბუტა რობაქიძის საქმეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაერთვება
ბუტა რობაქიძის საქმეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაერთვება

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქმეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა უნდა დაერთოს.

პროკურორებმა საქმის ვიდეომტკიცებულებაზე, სადაც ასახულია 2004 წლის 24 ნოემბრის მოვლენები, სამხარაულში ხელახალი ექსპერტიზა დანიშნეს.

ბრალდების მხრის განმარტებით, ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნის შედეგი განსხვავდება სამხარაულის პირველი ექსპერტიზის პასუხებისგან.

როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, ექსპერტიზის ახალ დასკვნაში წერია, რომ ვიდეოში არაერთი წყვეტაა.

სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეებიც, რომლებმაც ფირს კვლევა ჩაუტარეს.

დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე და კიდევ რამდენიმე პირი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებული.

ამასთან, ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია ასევე ზაზა ბაქრაძე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა.

შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელ მარტს დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.