ია მეტრეველი - დიდი ხანი ვითხოვდი, ოქრუაშვილი ყოფილიყო ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში
ია მეტრეველი - დიდი ხანი ვითხოვდი, ოქრუაშვილი ყოფილიყო ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში

დიდი ხანი ვითხოვდი, ოქრუაშვილი ყოფილიყო ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

„ჩემთვის ახალი არ არის, რომ ოქრუაშვილი არის დამნაშავე და ნამდვილადაა მონაწილე იმ ფარსში, იმ უბედურებაში, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს. არ აკმარეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობა. მას ბანდიტობა დააბრალეს და მის მეგობრებს, ანგელოზ ბავშვებს უსაზღვრო რაოდენობით იარაღი დაულაგეს, გაუმწარეს ახალგაზრდობა და ციხეში ამყოფეს.

დღევანდელი ინფორმაცია ჩემთვის ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი. დიდი ხანი ვითხოვდი, რომ ოქრუაშვილი აუცილებლად ყოფილიყო ბრალდებული ამ საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, თუ მას წარედგინება ბრალი ამ საქმეში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ია მეტრეველის თქმით, მისთვის არაერთი ინფორმაცია იყო ცნობილი, რომ ოქრუაშვილმა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო.

„სააკაშვილის კაბინეტში ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად წყვეტდნენ ამას. ისიც კი მახსოვს, რომ ბავშვების ერთ-ერთი ადვოკატი შეესწრო ლაპარაკს, როგორ ეუბნებოდა ოქრუაშვილი, ბოდიში ამ ჟარგონისთვის – „ბოლომდე მიაწექით“ და გაწირეთო. პატრულის იმიჯი უნდა შენარჩუნებულიყო. ეს დეტალები ჩემთვის იმ დროიდანვე არის ცნობილი.

დღეს სამართალი ბოლომდე პურს ჭამს და მიდის დასასრულისკენ. ამ საქმეში ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ ასეთი უბედურება აღარ განმეორდება ქვეყნაში. სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინა. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.