ბრალდების მოწმე აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი არ დაუნახავს
ბრალდების მოწმე აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი არ დაუნახავს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც საქმის ერთ-ერთი მოწმე შოთა ჯაფარიძე დაიკითხა.

შოთა ჯაფარიძე იმ პერიოდში დიდუბე-ჩუღურეთში რაიონში პატრულ ინსპექტორად მუშაობდა. ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხული მოწმის, ჩვენების მიხედვით, მის მიერ მანქანის შემოწმებისას, იარაღი ავტომობილში არ ყოფილა.

„2004 წელს დიდუბე-ჩუღურეთის პატრულ-ინსპექტორად ვმუშაობდი, 20 მეთაური იყო მაიზერ ლიპარტელიანი. მეწყვილე იყო კოტორაშვილი. მახსოვს, რომ 24 ნოემბერს ღამე დაიძახეს დახმარებაზე რადიოსადგურის მეშვეობით, წერეთლის ეკიპაჟი იყო. გაჩერებული ყავდა მანქანა ეკიპაჟს ვინც დახმარებას ითხოვდა, რამდენიმე ადამიანი იყო გადმოსული მანქანიდან. „ბეემვეს“ მოდელის მანქანა იყო გაჩერებული. დაახლოებით 3-4 ადამიანი იყო გადმოსული მანქანიდან, ისინი მანქანასთან იყვნენ შეკრებილები. როცა მივუახლოვდი ერთ ადამიანს, მაშინ ჩემ უკან გავიგე გასროლის ხმა, უკან ბაშალეიშვილის ეკიპაჟი იდგა, გასროლის შემდეგ გადმოსული ადამიანები ძირს დაწვნენ. ერთ ადამიანს სისხლი მოსდიოდა, რომ გადმოვაბრუნე, მივხვდი, რომ ტყვია მას მოხვდა, შემდგომში როგორც გაირკვა ეს ადამიანი რობაქიძე იყო. ვინც ისროლა იყო ბაშალეიშვილი და მივხვდით, რომ მისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ადამიანს. ადგილზე ჩემი მისვლისას შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, იარაღი მე იქ არ დამინახავს. ეკიპაჟები ვნახე იქ მხოლოდ, იქ მოვიდა ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, მერე დამაბრუნეს ჩემს სამოძრაო კვადრატში. გადამღებ ჯგუფს რაც შეეხება, ლობჟანიძესა და ბაშალეიშვილს ესხდნენ გადამღები ჯგუფი. დავინახე რომ მანქანაში ისხდნენ, მაგრამ რას აკეთებდნენ არ დამინახავს. მაიზერის გარდა, იქ მოსული სხვა ხელმძღვანელი არ მინახავს. 2012 წლამდე ამ საქმეზე მე არავის დავუკითხივარ“, – განაცხადა მოწმემ.

საქმეზე გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. გამოძიება კი პროკურატურაში სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობდა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის შეფასებით, ამ მოწმის ჩვენება ოქრუაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან კავშირში არ არის.