ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა და ინანიებს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ბაქრაძე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო. მოსამართლის კითხვას, იცნობს თუ არა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, ბაქრაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს და ინანიებს.

„მოგმართავთ თხოვნით, პატივცემულო მოსამართლევ, რომ დავიკითხო დღევანდელ სხდომაზე, დავიღალე, მინდა, მივცე ჩვენება, ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე, აქ მკვლელობაზე მეტი მოხდა. ეჭვიც არ მეპარება, დონაძის შეთავაზებას რომ დავთანხმებულიყავი, ჩვენება სკაიპით მიმეცა და მეთქვა, რომ იარაღები არ იყო, ამდენი წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბოლოს ძალიან ბევრი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გადაწყვეტს სიმართლის თქმას“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ზურაბ მიქაძის ადვოკატმა დღეს ზაზა ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

თავად ბაქრაძის ადვოკატმა კი განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა წერილობით მოამზადა, თუმცა სასამართლოს მოგვიანებით გადასცემს.

შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელ მარტს დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.