ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს
დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტობიას ელვუდმა განაცხადა.
„ჩვენ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ჩვენ უნდა გავცეთ საფუძვლიანი პასუხი. ამას ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ. ჩნდება სერიოზული შეკითხვების მთელი რიგი, კერძოდ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ჩუმ და მავნებლურ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა სპეციალურად, რათა ჩვენს საზოგადოებაში ქაოსი გამოეწვია“, – განაცხადა ელვუდმა.
ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის მზად არის, აამოქმედოს ყველა არსებული რესურსი მას შემდეგ, რაც გამოძიება დაადგენს, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ემბერ რადმა განაცხადა, რომ სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში ჩართულია 250-ზე მეტი სამართალდამცველი, ისინი სწავლობენ 200-ზე მეტ სამხილს. პოლიციის მონაცემებით, საქმეს დაახლოებით 240-მდე მოწმე ჰყავს.
BBC-ს ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერების კვალი რესტორან Zizzi-ში აღმოაჩინეს.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია 4 მარტს სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას ბრიტანული გამოცემები 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლას უკავშირებენ.
სერგეი სკრიპალი რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის არის ნასამართლევი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ის 2004 წელს ბრიტანულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამხედრო სამსახურის პერიოდში, 1995 წელს სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა. 2006 წლის 9 აგვისტოს მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოში მან დანაშაული, კერძოდ „მი 6“-ისთვის ასობით საიდუმლო დოკუმენტის გადაცემა და მისგან ფულადი ანაზღაურების მიღება აღიარა.
2010 წელს სკრიპალი კიდევ სამ მსჯავრდებულთან ერთად შეიწყალეს. მოგვიანებით კი ისინი აშშ-ში დაკავებულ რუს ჯაშუშებზე გაცვალეს, მათ შორის ანა ჩაპმანზე. ბოლო წლებში სკრიპალი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.