ბრინჯაოს ხანის ქვის ფილა შეიძლება ევროპაში უძველეს რუკას წარმოადგენდეს — #1tvმეცნიერება
ბრინჯაოს ხანის ქვის ფილა შეიძლება ევროპაში უძველეს რუკას წარმოადგენდეს — #1tvმეცნიერება

ნიშნები უცხოა: ამოჭრილი კონტურები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაკარგულ ლანდშაფტზე მიუთითებს. როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ხელახლა აღმოჩენილი ამოუცნობი ქვის ფილა შეიძლება ევროპის უძველესი რუკა იყოს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს სენ-ბელეკის ფილა — ჩახლართულად ამოჩუქურთმებული, ნაწილობრივ გატეხილი ქვის ფილა, რომელიც პირველად 1900 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ერთ-ერთ ციხესიმაგრეში მიაგდეს და მომდევნო 100 წლის განმავლობაში მისი არსებობა ყველას მიავიწყდა.

თანამედროვე არქეოლოგებმა ქვა ახლაღა გადასინჯეს და მალევე მიხვდნენ მის მნიშვნელობას — სინამდვილეში, ის შეიძლება წარმოადგენდეს დროისათვის ცნობილი ხმელეთის უძველეს კარტოგრაფიულ გამოსახულებას ევროპაში.

„სავარაუდოდ, ეს არის მაშინ ცნობილი ტერიტორიის უძველესი რუკა. ქვაზე ამოკვეთილი ასეთი რუკა მსოფლიოში რამდენიმეა აღმოჩენილი. ზოგადად, ისინი მხოლოდ ინტერპრეტაციებია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუკა არეალს კონკრეტულ მასშტაბში ასახავს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ბურნმაუსის უნივერსიტეტის მკვლევარი კლემან ნიკოლასი.

ბოლომდე ცნობილი არ არის, როგორ მოაღწია სენ-ბელეკის ფილამ დღევანდელობამდე, მაგრამ მან ნამდვილად უცნაური გზა განვლო.

ქვა 1900 წელს ფრანგმა პრეისტორიკოსმა პოლ დიუ შატელიემ აღმოაჩინა ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, ერთ-ერთი გორასამარხის გათხრისას.

შატელიე ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა 4-მეტრიან ქვაზე ამოკვეთილ ნახაზებს. ზოგიერთი მკვლევარი მაშინ ფიქრობდა, რომ ნიშნები შეიძლება ადამიანის უფორმო გამოსახულებები ყოფილიყო ან მხეცის სურათი; თუმცა, შატელიეს ასევე მიაჩნდა, რომ მნიშვნელობა შეიძლება სამომავლო კვლევებს დაედგინა.

„მოდი, არ გზას არ ავცდეთ და ფანტაზიაში არ გადავეშვათ, მივანდოთ ეს საქმე ჟან-ფრანსუა შამპოლიონს (რომელმაც პირველმა გაშიფრა ძველეგვიპტური იეროგლიფები), იქნებ გამონახოს ერთი დღე და ეს ნახაზები გაშიფროს“, — წერდა შატელიე.

დიდი პერსპექტივის მიუხედავად, შატელიემ ფილა თავის კერძო კოლექციაში შეინახა, შემდეგში კი მისმა შვილმა ქვა საფრანგეთის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმს მიჰყიდა, რომელმაც ის ციხესიმაგრის ერთ სარდაფში, იზოლირებულად შეინახა და ასე რჩებოდა ათწლეულების განმავლობაში.

2014 წელს, თითქმის მთლიანად მივიწყებული სენ-ბელეკის ფილა ციხესიმაგრის სარდაფში ხელახლა აღმოაჩინეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ნიკოლასმა და მისმა საერთაშორისო ჯგუფმა ფილას პირველი თანამედროვე კვლევა ჩაუტარა; მაღალი რეზოლუციის 3D ტექნოლოგიების გამოყენებით გაარკვიეს ქვაზე შესრულებული მუშაობის მორფოლოგია და ქრონოლოგია.

ფილის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოება ის არის, რა უნდოდა ამ რუკის მსგავს გამოსახულებას სენ-ბელეკის გორასამარხში. სამარხი ბრინჯაოს ხანის მიწურულს ეკუთვნის (ძვ. წ. 1900-1640), მაგრამ თავად ქვა სავარაუდოდ უფრო ძველია და ბრინჯაოს ხანამდეა მოჩუქურთმებული, მკვლევართა აზრით, ათწლეულებით ან საუკუნეებით უფრო ადრე.

თუ მართლაც ასეა, ნიშნავს იმას, რომ ეს უძველესი რუკა-ფილა გარკვეულ მიზეზთა გამო ხელახლა გამოიყენეს დაკრძალვის პროცესში; ის გორაკის ერთ-ერთი კედლის როლს ასრულებდა და მოჩუქურთმებული მხარე საფლავის შიგნით იყო მიმართული; შედეგად, მასზე დატანებულ ნიშნებს ათასობით წლის განმავლობაში გარემოს ზემოქმედება არ განუცდია და შედარებით კარგ მდგომარეობაში შემოინახა.

მკვლევართა განცხადებით, ფილის ზედაპირზე დატანებული რუკის მსგავსი ნიშნები და მოტივები წარმოქმნის უხეშ სამგანზომილებიან დამთხვევას მდინარის იმ რეგიონთან, სადაც უძველესი გორასამარხი მდებარეობს.

„საკვანძო ნაწილი ის არის, რომ როგორც ჩანს, გრავიურებით ფილის თავდაპირველი ზედაპირის რელიეფი გრავიურებით ისე შეცვალეს, რომ წარმოქმნილიყო სასურველი 3D ფორმა, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტის ტოპოგრაფიას ჰგავდა“, — წერენ მკვლევრები და შენიშნავენ, რომ სენ-ბელეკის ბორცვი გადაჰყურებს რუკაზე ასახულ მდინარე ოდეს რეგიონს.

„ვადასტურებთ კარგ შესაბამისობას გრავიურებსა და ტოპოგრაფიას შორის. ასეთი კორელაცია გარკვეულ იდეას გვაძლევს ასახული სივრცის შესაძლო მასშტაბის შესახებაც: დაახლოებით 30 კმ სიგრძისა და 21 კმ სიგანის რეგიონი“, — წერენ მკვლევრები.

ჯერ გარკვეული არ არის, რას შეიძლება წარმოადგენდეს ქვაზე გამოსახული სხვა მოტივები, მაგრამ მკვლევართა აზრით, შესაძლებელია, რომ ისინი ასახავდეს ადრეული ბრინჯაოს ხანის დასახლებების, სხვა ბორცვების, მინდვრების სისტემებისა და გზების ადგილმდებარეობას.

თუ ასეა, შეიძლება ეს რუკა ასახავდეს გარკვეული სახის ორგანიზაციულ გეგმას მიწათსარგებლობისა და საკუთრების შესახებ იმ ადრეული კულტურის პოლიტიკური და ეკონომიკური მმართველების მიხედვით, რომელმაც ეს ობიექტი ამოკვეთა.

„ასეთი კარტოგრაფიის გაკეთება ხშირად დაკავშირებულია ტერიტორიის მმართველთა ძალაუფლებისა დასამტკიცებლად. ასეთი კონტექსტი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში გვხვდება, როდესაც გამოჩნდა ძლიერ იერარქიული საზოგადოებები“, — ამბობს ჯგუფის წევრი, დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტის არქეოლოგი ივან პაი.

ასეთი ინტერპრეტაციით, არ არის გამორიცხული, რომ ქვის ფილა მოგვიანებით საფლავში მოათავსეს, როგორც ამ მმართველი ელიტის ძალაუფლებისა და საკუთრების სისტემის უარყოფის სიმბოლო.

კვლევა ჟურნალ Bulletin de la Société préhistorique française-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.