ბრინჯაოს ხანის ძვირფასი არტეფაქტების უმეტესობა კოსმოსური მასალისგანაა დამზადებული
ბრინჯაოს ხანის ძვირფასი არტეფაქტების უმეტესობა კოსმოსური მასალისგანაა დამზადებული

ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ბრინჯაოს ხანის რკინის შემცველი ყველა საბრძოლო იარაღი და ხელსაწყო მეორიტებისგან გამოცალკევებული მეტალისგან გამოეჭედათ. აღმოჩენა კარგ ცნობებს აწვდის ექსპერტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაამზადეს ეს ხელსაწყოები მაშინ, სანამ ადამიანები რკინის წარმოებას ისწავლიდნენ მისი მადნისგან.

ის, რომ ბრინჯაოს ხანის ზოგიერთი ნივთი მეტეორიტული მეტალისგანაა დამზადებული, წინა კვლევებმაც დაადგინა, მაგალითად ფარაონ ტუტანხამონის ხანჯლები; თუმცა, ეს ბოლო კვლევა პასუხს სცემს კითხვას, თუ რამდენად გავრცელებული იყო ეს პრაქტიკა.

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) მკვლევარი ალბერ ჟამბონი აქტიურად სწავლობდა სამუზეუმო არტეფაქტებს ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სირიიდან და ჩინეთიდან; რენტგენული გამოსხივების ფლურესცენციული სპექტრომეტრით ანალიზების ჩატარების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა მათგანს აქვს რაღაც საერთო — არამიწიერი წარმოშობა.

„წარმოდგენილი შედეგები მთლიანად შეესაბამება ლიტერატურის მაღალი ხარისხის ანალიზებს და გვთავაზობს, რომ ბრინჯაოს ხანის რკინის უმეტესობა მეტეორიტული წარმოშობის რკინისგან მომდინარეობს“, — წერს ჟამბონი გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

„შემდეგი ნაბიჯი იმის განსაზღვრა იქნება, თუ სად და როდის მოხდა პირველად დედამიწისეული რკინის გამოდნობა“.

ბრინჯაოს ხანაში, მეტალ ბრინჯაოს იყენებდნენ ხელსაწყოების, საბრძოლო იარაღებისა და სამკაულების დასამზადებლად. შესაბამისად, ამიტომ დაერქვა ეს სახელი ხანას, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 3300 წელს დაიწყო. შენადნობი მტკიცე და ადვილად მისაღები იყო; მზადდებოდა სპილენძის გადნობით და მასში კალისა და სხვა მეტალების შერევით.

რკინის ხანამ, რომელიც სადღაც 2000 წლის შემდეგ დაიწყო, ეს სახელი მიიღო იმიტომ, რომ ადამიანებმა ისწავლეს რკინის გამოდნობა მისი მადნისგან, მას შემდეგ, რაც გაარკვიეს თუ როგორ მიეღოთ ამ პროცესისთვის საჭირო ძალიან მაღალი ტემპერატურა.

შესაბამისად, ისტორიკოსებს ყოველთვის თავსატეხს უჩენდა ის ფაქტი, რომ რკინის ზოგიერთი ხელსაწყო თუ იარაღი ბრინჯაოს ხანით თარიღდებოდა და იშვიათობიდან გამომდინარე, იმ დროს ძალიან ღირებულიც უნდა ყოფილიყო.

საიდან მოჰქონდათ ეს რკინა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკვანძოა ის ფაქტი, რომ დედამიწაზე დაცემული მეტეორიტებისეული რკინა შეიცავს დიდი ოდენობით ნიკელს, მაგრამ ასე არაა დედამიწაზე არსებული რკინის მადნის შემთხვევაში; ამის მიზეზი კი ისაა, რომ დედამიწის ფორმაციისას, ნიკელი ჩვენი პლანეტის თხევადი რკინის ბირთვისკენ წავიდა.

რენტგენული გამოსხივების ფლურესცენციული სპექტრომეტრის დახმარებით, რომელიც ობიექტზე შეხების გარეშე ახდენს მისი ქიმიური შემადგენლობის ანალიზს რენტგენული გამოსხივებით, ჟამბონმა შეისწავლა მუზეუმებში გამოფენილი ისეთი ნივთები, როგორებიცაა მძივები, ხანჯლები და საყრდენები.

ყველა მათგანში აღმოჩნდა ნიკელის მაღალი შემცველობის მეტეორიტული რკინა. მეტეორიტებიდან გამოცალკევებული რკინა ზეინკლებისთვის უკვე მზად უნდა ყოფილიყო დასამუშავებლად, ყოველგვარი გადადნობის გარეშე.

ეს აღმოჩენა გაცილებით მეტია, ვიდრე ბრინჯაოს ხანის ერთი საოცარი ამბავი. მტკიცდება, რომ ამ სახის ანალიზებს შეუძლია დიდად დაგვეხმაროს, რათა გავარკვიოთ სად და როდის ავითვისეთ ჩვენი საკუთარი რკინისაგან ნივთების დამზადებისათვის საჭირო ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ.

ბოლომდე დაზუსტებით არავინ იცის, თუ როდის გადაადნეს ადამიანის ხელებმა პირველად რკინა, მაგრამ ამ სახის ტექნოლოგიით ჩატარებულმა სამომავლო კვლევებმა დიდი დახმარება უნდა გაგვიწიოს, რათა გავარკვიოთ, თუ როდის გადავერთეთ მეტეორიტული რკინიდან რკინის მადანზე.

„კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს ანალიტიკური მეთოდების მნიშვნელობას მეტალის გამოყენებისა და მეტალზე მუშაობის ტექნოლოგიების განვითარების კვლევებში“, — წერს ჟამბონი.
კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით