ბორჯომის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება – დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა. როგორც ჩაჩანიძე ამბობს, ინაშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსთან“ გარიგებას უარყოფენ.
21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა გაცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო.
28 დეპუტატიდან თავმჯდომარის გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – „ქართული ოცნების“. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.