ბორჯომის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ გარეშე დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ გარეშე დაამტკიცა

ბორჯომის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 15 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

თუმცა, სხდომას “ქართული ოცნება” არ ესწრებოდა.

28 დეპუტატიდან, სხდომას მხოლოდ ოპოზიციის 15 წევრი დაესწრო, ხოლო “ქართული ოცნების” დეპუტატები, რომლებმაც პირველივე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, არც ამ შეხვედრას დაესწრნენ.

ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ჯანდაცვაა.

ბორჯომის მომავალი წლის ბიუჯეტი 17 800 000 ლარით განისაზღვრა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მომავალი წლისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, რისთვისაც 5 400 000 ლარი დაიხარჯება.

სკოლამდელი აღზრდისთვის ქალაქის ბიუჯეტში 2 700 000 ლარია გათვალიწინებული, მათ შორის ბაღების რეაბილიტაციისთვის გათვალიწინებულია 1 000 000 ლარი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის მომავალ წელს 1 700 000 დაიხარჯება. მათ შორის, მოსახლეობისთვის ოპერაციის დაფინანსება განსაზღვრულია 700 000 ლარი, მედიკამენტებით უზრუნველყოფა კი 220 000 ლარით.

დეპუტატების განმარტებით, შენიშვნების მიუხედავად, მათ 2018 წლის ბიუჯეტს მხარი მაინც დაუჭირეს. 

ბორჯომის საკრებულო, საქართველოს მასშტაბით ერთადერთი საკრებულოა, სადაც მმართველ პარტია “ქართულ ოცნება” უმცირესობაშია.

საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 “ქართულ ოცნებას”, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მერობის ყოფილი კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძეა.

20 ნოემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. “ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.