ბოლივიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 660 კმ სიღრმეში მდებარე გიგანტური მთები გამოააშკარავა
ბოლივიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 660 კმ სიღრმეში მდებარე გიგანტური მთები გამოააშკარავა

სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსი ჟიულ ვერნი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღწერდა პლანეტის სიღრმეში არსებულ მიწისქვეშა ლანდშაფტს, რომელიც სავსე იყო დაკარგული პრეისტორიული სახეობებითა და მცენარეულობით. წიგნის სახელია „მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ“.

შეიძლება დედამიწის სიღრმეში დინოზავრების ქალაქი სინამდვილეში ვერ ვიპოვოთ, მაგრამ ახალმა კვლევამ დღის სინათლეზე გამოიტანა მიწისქვეშა მახასიათებლები, რომლებიც ზედაპირზე არსებულ სტრუქტურებს წააგავს. ზედაპირიდან ძალიან ღრმად, გადაჭიმულია მთები — ასეთი რამ მეცნიერებს ჯერ არსად უნახავთ.

ბოლივიაში ოცი წლის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების საფუძველზე, პრინსტონის უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკოსებმა აღადგინეს ზედაპირიდან საკმაო სიღრმის ტოპოგრაფია.

1994 წლის 9 ივნისს, ბოლივიაში, ამაზონის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული რეგიონში 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლივიის უახლეს ისტორიას მსგავსი ძლიერი მიწისძვრა არ ახსოვდა. შოკურმა ტალღებმა კანადამდეც კი მიაღწია.

სიძლიერის გარდა ეს მიწისძვრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მოხდა ღრმად, დაახლოებით 650 კმ სიღრმეში. ქერქში მომხდარი ძვრებისგან განსხვავებით, ასეთი სიღრმიდან წამოსულ ენერგიას მთლიანი მანტიის შერყევა შეუძლია.

ეს მიწისძვრა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თანამედროვე სეისმურმა ქსელმა გაზომა. შედეგად, მეცნიერებმა მიიღეს უპრეცედენტო მონაცემები პლანეტის წიაღიდან წამოსული ტალღების შესახებ.

ზუსტად ისე, როგორც ულტრაბგერის ხმის ტალღებს შეუძლია დაადგინოს სხვაობა სხეულის ქსოვილების სიმკვრივეებს შორის, დედამიწის წიაღიდან წამოსულ უზარმაზარი ტალღებსაც ბევრი ინფორმაცია მოაქვთ ქვეშ არსებული სურათის შესახებ.

ამ ტალღების მონაცემები მეცნიერებმა მხოლოდ ახლახანსღა გამოიყენეს დედამიწის ბირთვის სიმკვრივის გასარკვევად.

ამ შემთხვევაში, 1994 წლის ძლიერი ბიძგების საფუძველზე მკვლევრებმა შეისწავლეს ტალღების გაფანტულობა შრეებს შორის გავლისას, რამაც მათი საზღვრების შესახებ არაერთი დეტალი გამოავლინა.

კვლევის ავტორის, ვენბო ვუს განცხადებით, გაფანტული ტალღები ატარებს ინფორმაციას ზედაპირის უსწორმასწორობის შესახებ. ამ კვლევაში კი მათ შეისწავლეს დედამიწის წიაღში მოძრავი გაბნეული სეისმური ტალღები, რათა გაერკვიათ დედამიწის უსწორმასწორობა 660 კმ სიღრმეზე.

ასეთ სიღრმეში არსებობს გაყოფა მანტიის უფრო უდრეკ ქვედა ნაწილებსა და ზედა ფენას შორის, რომელიც ისეთივე წნევის ქვეშ არ იმყოფება და განგრძობადობა ერთგვარად წყდება; ამ ფენაში გამოჩენას იწყებს მრავალი მინერალიც.

ყველაზე ღრმა ხვრელი, რაც კი ოდესმე კაცობრიობას გაუთხრია, მხოლოდ 12 კილომეტრია. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობდა არანაირი წარმოდგენა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს გარდამავალი ზონა.

ამ სასაზღვრო რეგიონებში გამოვლილ ტალღებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მანტიის ზედა და ქვედა ფენებს შორის არსებული შეხვედრის წერტილი ზიგზაგისებრი მთის ქედია, რომელიც ძალიან ჰგავს ზედაპირის ქედებს.

ვუს თქმით, ფაქტობრივად, 660 კმ სიღრმეზე წარმოდგენილია აპალაჩის მთების მსგავსი ძლიერი ტოპოგრაფია.

ამ უსწორმასწორო ხაზს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა დედამიწის ფორმაციაზე. ჩვენი პლანეტის მასისი დიდი ნაწილი თავს იყრის მანტიაში. შესაბამისად, იმის ცოდნა, თუ როგორ ურევს და ცვლის მას ტრანსფერული სითბო, გვაწვდის ცნობებს დროთა განმავლობაში მისი განვითარების შესახებ.

ამ მიწისქვეშა მთების დეტალურმა ცოდნამ შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს იმ სხვადასხვა მოდელთა შექმნაზე, რომლებიც ჩვენი პლანეტის მუდმივად ცვალებად გეოლოგიურ ისტორიას აღწერენ.

დედამიწის მეცნიერ ჯესიკა ირვინგის განცხადებით, კვლევის შედეგები ამაღელვებელია, რადგან ახალ ცნობებს გვაწვდის იმ უძველესი ტექტონიკური ფილების შესახებ, რომლებიც მანტიაში ჩავიდნენ, სადაც შესაძლოა, ჯერ კიდევ იყოს წარმოდგენილი უძველესი მანტიის მასალები.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია princeton.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი