დედამიწის ყველაზე ღრმა ხვრელი - მითები და რეალობა
დედამიწის ყველაზე ღრმა ხვრელი - მითები და რეალობა

დასავლეთ რუსეთში, მურმანსკის ოლქში, თუკი იცით სად ეძებოთ, აუცილებლად იპოვით აქეთ-იქით მიყრილ მეტალისა და ბეტონის ნამსხვრევთა გროვას. თითქოს უცნაური არაფერი.

მაგრამ თუ ამ გროვას გადაქექავთ, იპოვით დაჟანგებულ, მიწაში ჩაბეტონებულ მეტალის თავსახურს. ეს უბრალოდ ძველი დისკი როდია — თქვენ წინაშეა მსოფლიოში ყველაზე დიდი, დედამიწის წიაღში 12 კილომეტრის სიღრმეზე გათხრილი ხელოვნური ხვრელი.

შესაძლოა, 12 კმ არც ისე ღრმად მოგეჩვენოთ, მაგრამ…

უფრო მეტია, ვიდრე დედამიწის ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილი და წარმოადგენს ყველაზე ღრმა ჭაბურღილს, რაც კი ოდესმე დედამიწაზე გაუბურღავთ.

ეს გახლავთ კოლის ზეღრმა ჭაბურღილი. რაც ყველაზე საინტერესოა, არაფერ შუაშია ნავთობის მოპოვება, მისი ერთადერთი დანიშნულება მეცნიერებისთვის სამსახურის გაწევა იყო.

ბურღვის სამუშაოები საბჭოთა მეცნიერებმა 1970-იან წლებში დაიწყეს. პროცესის მსვლელობისას გაირკვა არაერთი ახალი ცნობა დედამიწის ქერქის შესახებ.

ბურღვა 24 წელს გრძელდებოდა. 1994 წლისთვის სიღრმემ 12 კილომეტრს მიაღწია. მეცნიერებს უფრო მეტის იმედი ჰქონდათ, მაგრამ თავი იჩინა პრობლემამ — მწყობრიდან გამოვიდა საბურღი კოლონა და ბურღვა სამუდამოდ შეწყდა. კოლის ზეღრმა ჭაბურღილის საბოლოო სიღრმის ნიშნული 12 262 მეტრი იყო.

ჭაბურღილს უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა. 12 კმ-ის გათხრა დედამიწის სიღრმეში თავდაპირველად მკვლევრებს საერთოდაც შეუძლებლად მიაჩნდათ.

7 კილომეტრის სიღრმეზე მათ აღმოაჩინეს დიდი ხნის წინანდელი 24 სხვადასხვა ერთუჯრედიანი სახეობის მიკროორგანიზმის ნამარხები.

გარდა ამისა, მკვლევრებს ხელში ჩაუვარდათ 2,7 მილიარდი წლის ასაკის უნიკალური ქანები. თუმცა, სამუშაოები თანდათან გართულდა, რადგან 12 კმ სიღრმეზე ტემპერატურამ 180 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, 80 გრადუსით მეტს, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლამ კოლის ჭაბურღილის პროექტს დიდი სირთულეები შეუქმნა. რუსეთში განვითარებულმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ და უსახსრობამ გრანდიოზულ პროექტს მოუღო. დაიწყო მისი საბოლოოდ დახურვა. 2008 წლისათვის მოახდინეს პროექტის აღჭურვილობის დემონტაჟი, მთლიანად დაანგრიეს შენობაც. 2010 წელს პროექტი საბოლოოდ ლიკვიდირებულად გამოცხადდა.

კოლის ზეღრმა ჭაბურღილმა სათავე დაუდო არაერთ მითსა და ლეგენდას. ერთმა ნაწილმა მას „ჯოჯოხეთში მიმავალი გზაც“ შეარქვა. ამბობდნენ, რომ სიღრმიდან ადამიანთა გოდება ისმოდა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მითია და არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით