„ბასიანის“ დაცვის უფროსი 13 იანვრის ინციდენტის დეტალებზე საუბრობს [ვიდეო]

ღამის კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსი ზვიად მესხი პირველ არხთან საუბრისას 13 იანვრის ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

ზვიად მესხის თქმით, ბრალდებულ ახალგაზრდას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც, მან დაცვის სამსახურის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მოვიდა ორი პირი, რომელთაც კლუბში შესვლა უნდოდათ. მათ უარი განვუმარტეთ. იყვნენ აგრესიულები და ნასვამები. გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე და გინებაზე, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, რომ არ მოეყენებინათ შეურაცხყოფა. გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ადგილზე ბევრი ადამიანი ირეოდა. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევს ვესაუბრებოდი ამ შექმნილ სიტუაციაზე. დავინახე ბატონი თამაზის ხელის მოძრაობა – ის ხელში დაიჭრა, მე თავში. ასევე, დაიჭრა ჩემი თანამშრომელი​ არაფრის გამო – იმის გამო, რომ ადამიანს კლუბში უნდოდა შესვლა. თუ შეიძლება ქვეყანაში ადამიანი დაიჭირონ ხელის დარტყმის გამო, რატომ არ შეიძლება, ადამიანს რომ კლავ, მოიხადო, რაც გეკუთვნის“, – აცხადებს ზვიად მესხი.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.

„ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს“, – აცხადებენ შსს-ში.

ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ბრალდების მხარე ასაჩივრებს.