„ბასიანის“ საქმის მოსამართლე - ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ კარგი წარსული არ კმარა
„ბასიანის“ საქმის მოსამართლე - ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ კარგი წარსული არ კმარა

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის საქმის მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

„ბრალდებულს აქვს კარგი წარსული, მაგრამ მხოლოდ კარგი წარსული არ კმარა. მე ვერ შევაფასებ თქვენ ქმედებას, როგორც კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად.

თქვენ აქ მოხვედით და არ მიიმალებით, ახალი დანაშაულის ჩადენაზე მე სხვა წარმოდგენები მაქვს. თქვენ მოქმედებდით სიმთვრალეში. რა უბედურებაა – ფეისკონტროლი ვერ გაიარეთ და ამას მოყვა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა. ის დარბაზში დააკავეს.

13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.