ოთარ კახიძე -  ქვეყანაში საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებაა 
ოთარ კახიძე -  ქვეყანაში საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებაა 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებაა.

როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, მკვლელობა, დაჭრა, დასახიჩრება ეს უმძიმესი დანაშაულები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

“მინდა, მოუწოდო ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს საგანგაშო მდგომარეობას, ამას საახალწლო რეიდები და ვერც სტატისტიკის გაყალბება ვერ უშველის. ეს არის პრობლემა, რომელსაც სჭირდება აღიარება და ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმა. სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაცვლელად საჭიროა, პოლიციის გააქტიურება და საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ხელისუფლების მიღებულმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, დაწყებული ამნისტიით, გაგრძელებული პოლიციის დემორალიზებით, ძირი გამოუთხარა საზოგადოების უსაფრთხოებას”, – აღნიშნა კახიძემ.

ოთარ კახიძე ღამის კლუბ “ბასიანთან” მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა.

“ნებისმიერი მოქალაქისთვის არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი როდესაც ხდება ასეთი მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით, როდესაც თავდასხმის ობიექტი არის პოლიციელი. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა. რაც შეეხება, სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეგვიძლია კრიტიკულად შევხედოთ, რადგან დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც თავს ესხმიან პოლიციელს ალბათობა, რომ პირი მართლმსაჯულებას პატივს სცემს საკმაოდ დაბალია. ასევე, განმეორებით დანაშაულის ჩადენის შანსი მატულობს. შესაძლოა, გირაო ვერ იყოს საკმარისი საფუძველი, თუმცა კონკრეტულად მოსამართლის შესაფასებელი გახლდათ. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში ყველა კითხვას გასცემს პასუხს და დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.