„ასე მგონია, „ბასიანის“ დაცვა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო“ - თამაზ ქვლივიძის დაკავების კადრები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა შეცვალა საქალაქო სასამართლოს მიერ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მას პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა და ის დარბაზში დააკავეს.

სასამართლო პროცესზე თამაზ ქვლივიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით,  ღამის კლუბის დაცვა „რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო“.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.