„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატი თამარ ჩუგოშვილისა და ნათია მეზვრიშვილის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს
„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატი თამარ ჩუგოშვილისა და ნათია მეზვრიშვილის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.

მან მოსამართლეს უთხრა, რომ საჯარო თანამდებობის პირებმა უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს.

„პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე მოგახსენებთ – მან თქვა, რომ სასამართლოს რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება. ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ საქმე გვქონდა პოლიციელების თავდასხმაზე.

ისინი პირდაპირ ერევიან სასამართლოს საქმიანობაში. ისინი აკეთებენ ზეპირ და უპასუხისმგებლო განცხადებებს. იმედი მაქვს, თქვენ ამას გაუძლებთ. თქვენი გადაწყვეტილებით ამას შევაფასებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელს იხილავს. 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.