თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო

ღამის კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატი, ზაზა მესხი მიიჩნევს, რომ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი – სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და მიიღო აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება.

ზაზა მესხის განცხადებით, ზეწოლა იყო ყველას მხრიდან, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლაც.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არავითარი ახალი გარემოება, ახალი საფუძველი, რომ შეცვლილიყო გადაწყვეტილება.

„მათ დაზიანების ხარისხის განმსაზღვრელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ, არც ექსპერტიზის დასკვნა. ერთადერთი ვარაუდი იყო ის, რომ ექიმმა მისცა ჩვენება, თითქოსდა თუ არ მოხდებოდა დროული ჩარევა, ის გარდაიცვლებოდა. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, წარედგინათ მკვლელობის მცდელობაც. მე აქამდე ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა გავაჟღერებ – დაცვის თანამშრომელმა ფეხქვეშ გაიგდო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სცემდა. შსს მინისტრმა აბსოლუტურად კანონიერი და სწორი განცხადება გააკეთა. ბრალდებულმა არათუ არ იცოდა, რომ ის პოლიციელი იყო, და არც არანაირი განზრახვა არ ჰქონდა, რომ ვინმესთვის მიეყენებინა დაზიანება. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაშველების დროს მიღებული დაზიანებები და რა გახდა ამ გაშველების მიზეზი, ამის მტკიცებულებებს ჩვენ მოვიპოვებთ.  დღევანდელი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას, ვბრუნდებით ისევ და ისევ იმ პერიოდში, როდესაც გარედან ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. მე არ ვიცი, რისი შეეშინდა ატეხილი აჟიოტაჟის თუ სხვა რამის , ეს იყო არაკანონიერი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, არ საჩივრდება“, – განაცხადა მესხმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა. ის დარბაზში დააკავეს.