პროკურორი იმედოვნებს, რომ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდება 
პროკურორი იმედოვნებს, რომ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდება 

ღამის კლუბ “ბასიანის” საქმის პროკურორი იმედოვნებს, რომ ბრალდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის.

როგორც საქმის პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

“გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის, რადგან ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ მიმალვას შეეცადა, თუმცა მისი მიმალვის საფრთხე აღიკვეთა. ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი, რაც გვქონდა პირველ ინსტანციაში, რჩება ძალაში და ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. პირველ ინსტანციაში იყო ყველა საფუძველი, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა. წარდგენილი ბრალდება მძიმე დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს”, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელს იხილავს. 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

დატოვე კომენტარი