თამარ ჩუგოშვილი - პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს რეაგირება მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს
თამარ ჩუგოშვილი - პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს რეაგირება მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თამაზ ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ადეკვატური და შესაბამისია იმ დანაშაულის, რომელიც ჩადენილია.

როგორც პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, ღამის კლუბ “ბასიანში” მომხდარ დაპირისპირებაზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის მისთვისაც.

“საკმაოდ მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი და დაზიანება პოლიციელსაც მიადგა. მაშინ, როდესაც გირაო იყო გამოყენებული, კითხვები სამართლიანად გაჩნდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიება გაესაჩივრებინა, სწორი იყო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით უფრო ადეკვატური და შესაბამისია იმ დანაშაულის, რომელიც ჩადენილია. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს და არის თანასწორი.

სოციალურ სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს და როცა დანაშაული არის ჩადენილი, ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა იყოს. ყველა ქვეყანაში და აშშ-ში, სამართალდამცავები განსაკუთრებით დაცულები არიან, რადგან ისინი დანაშაულთან ბრძოლის პირველ ხაზზე არიან და მათი დაცვის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს. პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენება და მითუმეტეს, სოცოცხლისთვის რაიმე საფრთხის ან ზიანის მიყენება კიდევ უფრო მძიმე გარემოებაა და ასეთ დროს სახელმწიფოს რეაგირება მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.