ათასობით ადამიანის ძვლები კაცობრიობასა და დაავადებებს შორის გაჩაღებულ ევოლუციურ ომზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ათასობით ადამიანის ძვლები კაცობრიობასა და დაავადებებს შორის გაჩაღებულ ევოლუციურ ომზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

მაშინ, როდესაც მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, ათასობით უძველესი ჩონჩხის შესწავლამ გამოავლინა, როგორ ვითარდება ადამიანის სხეული დაავადებებთან საბრძოლველად და როგორ ვითარდება თავად დაავადებებიც, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე უფრო ნაკლებ მომაკვდინებელი გახდა. ასეთმა დასკვნამ ექსპერტებს შეიძლება ძალიან ბევრი რამე ასწავლოს იმის შესახებ, როგორ გავართვათ თავი დაავადებებს მომავალში.

ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ის აჩვენებს, როგორ მუტირებენ მიკრობები, რათა გამრავლდნენ და გადარჩენის მიზნით რაც შეიძლება ბევრ ადამიან მასპინძელში შეაღწიონ; თუმცა, ასეთი ქცევა დროთა განმავლობაში ასუსტებს დაავადების სიმკაცრეს. სულ ბოლოს კი, მავნე მიკროორგანიზმები ან პათოგენები ადამიანის ორგანიზმთან ერთგვარ ზავს ამყარებენ.

კვლევის ფარგლებში ანალიზები ჩაუტარეს კეთრს, ტუბერკულოზს, ტრეპონემატოზებს (დაავადებათა ჯგუფი, რომელიც სიფილისსაც მოიცავს). ყველა მათგანს შეუძლია, რომ ძვლებსა და კბილებზე ინფექციის ნიშნები დატოვოს; ადამიანთა ნეშტებისა და სამედიცინო ჩანაწერების წყალობით, შესაძლებელი გახდა წარსულის 200 თაობის შესწავლა.

„ამ სამიდან თითოეული დაავადება გვიჩვენებს გავრცელების შემცირებას კოადაპტაციის შედეგად, რაც თანაბრად სასარგებლოა როგორც დაავადების, ისე ადამიანი მასპინძლისთვის“, — ამბობს ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი მაჩეი ჰენებერგი.

მისივე თქმით, გასული 5000 წლის განმავლობაში, თანამედროვე მედიცინის წინსვლამდე, ტუბერკულოზის ნიშნები ჩონჩხზე უფრო ნაკლებად გავრცელებული გახდა; ევროპაში ჩონჩხებზე კეთრის ნაშთების შემცირება შუა საუკუნეების მიწურულს შეინიშნება; ჩრდილოეთ ამერიკაში ჩონჩხებზე შეინიშნება ტრეპონემატოზების ნიშნების შემცირება, განსაკუთრებით იქ შეჭრილ ევროპელებთან კონტაქტამდე, ბოლო წლებში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ამ სამი დაავადების შესახებ ჩატარებული წინა სამი კვლევა, რომლებიც ჯამში 69 379 ჩონჩხს მოიცავდა. ჩონჩხების ასაკი ძვ. წ. 7250 წლიდან დღევანდელობამდე მერყეობდა.

ყველა ჩონჩხი არ ეკუთვნოდა ტუბერკულოზით, ტრეპონემატოზებით ან კეთრით დაავადებულ ადამიანებს და ამავე დროს, ძვლებზე დაავადების ნიშნები არ აღენიშნებოდა ყველას, ვისაც შეიძლება ისინი გადატანილი ჰქონდა. მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კვლევა მკაცრად ეპიდემიოლოგიური მეტაანალიზი არ გახლავთ, მაგრამ ნიმუშების რაოდენობა საკმარისი იყო იმისათვის, რათა ჯგუფს გარკვეული გამოსადეგი დასკვნები გამოეტანა.

ამ სამიდან არც ერთი დაავადება არ კლავს მასპინძელ ადამიანს დაუყოვნებლივ, რაც პათოგენებს გადარჩენასა და გამრავლებაში ეხმარება. თუმცა, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური კლება ტუბერკოლუზის, ტრეპონემატოზებისა და კეთრის გავრცელებაში იმას მიუთითებს, რომ ან ადამიანები გახდნენ უფრო იმუნურები და შემწყნარებლები, ან თავად დაავადება გახდა ნაკლებად სახიფათო.

„ევოლუციური გადმოსახედიდან, ლოგიკურია, რომ პათოგენმა ნაკლები ზიანი მიაყენოს მასპინძელს, რომელზეც თავად მისი გადარჩენა იმდენად არის დამოკიდებული, რომ გადადება დროებითი ევოლუციური თვისება უნდა იყოს, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება; ასეა ჩანს, როცა ჩვენ კეთრს, ტუბერკულოზსა და სიფილისს ვსწავლობთ“, — ამბობს ფლინდერსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ტეგან ლუკასი.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარკვეული სიფრთხილეები — მაგალითად ის, რომ სამივე კვლევა შედეგების სხვადასხვანაირად აღწერს და ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვა შეუსწავლელი ფაქტორებიც, რომლებსაც შეუძლია გავლენა ჰქონდეს დაავადების გავრცელებაზე — დროთა განმავლობაში დაავადებათა პროგრესის შესახებ ჩატარებული ეს მოხსენება მაინც ზედმეტად საინტერესოა.

COVID-19 ჩვენ შორის სულ ახლახან გამოჩნდა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ ვირუსი მუტირებს და იცვლება, რათა გადარჩეს და უფრო მეტ ადამიან მასპინძლამდე მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას კონტროლქვეშ მოაქცევს, ექსპერტებმა მასზე ახლო დაკვირვება მომავალშიც უნდა გააგრძელონ.

ახალი კვლევა პალეოპათოლოგიის მზარდი დარგის ნაწილია, რომელიც ადამიანთა უძველეს დაავადებებს ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწავლობს, როგორებიც არის ჩონჩხები, მუმიფიცირებული ნაშთები, უძველესი დოკუმენტები, ლიტერატურა და ხელოვნება.

„პალეოპათოლოგია სულ უფრო პოპულარული დისციპლინა ხდება — ამჯერად, დაავადების კვლევა მათ მიერ შორეულ წარსულში ადამიანთა მყარ ქსოვილებზე დატოვებული ნიშნებით შეგვიძლია“, — ამბობს ლუკასი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ჩონჩხებზე შემორჩენილია პათოლოგიური ნიშნები, შესაძლებელია სამი მთავარი ინფექციური დაავადების კოევოლუციის კვალს იქამდე მივყვეთ, ვიდრე ამის საშუალებას აღმოჩენილი ნიმუშები გვაძლევს.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი