ჩვენგან ცხრა მილიარდი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში ასტრონომებმა იპოვეს მტკიცებულება, რომ ადრეულ სამყაროში, გალაქტიკათა შერწყმა ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესს ახშობდა და გავლენას ახდენდა გალაქტიკის ზრდაზე.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ორი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმის შემდეგ, გალაქტიკათშორის სივრცეში უზარმაზარი ოდენობის ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზი გაიტყორცნა.
მკვლევართა განცხადებით, ამ მოვლენამ ახალი ვარსკვლავების წარმოქმნისთვის საჭირო საწვავი წაართვა შერწყმის შედეგად მიღებულ გალაქტიკას, სახელად ID2299-ს. შედეგად, ვარსკვლავების წარმოქმნა იქ მომდევნო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში უნდა შეჩერებულიყო და შეეფერხებინა გალაქტიკის განვითარება.
ახლომდებარე სამყაროში ასტრონომები აქამდეც აკვირდებოდნენ მრავალ მასიურ, მკვდარ გალაქტიკას, რომლებიც ძალიან ბებერ ვარსკვლავებს შეიცავენ, მაგრამ დაზუსტებით არ იციან, როგორ წარმოიქმნა ეს გალაქტიკები.
როგორც სიმულაციები მიუთითებს, გალაქტიკებიდან გაზის განდევნას და შესაბამისად მათ სიკვდილს უნდა იწვევდეს მატერიის შთანთქმის პროცესში აქტიურ შავ ხვრელთა ან ძლიერი ვარსკვლავთწარმოქმნის მიერ წარმოქმნილი ქარები.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები ხელმძღვანელობდნენ, ვარსკვლავთწარმოქმნის ჩახშობისა და გალაქტიკის ზრდის შეფერხების კიდევ ერთი გზა გალაქტიკათა შერწყმაა.
ასეთი შერწყმის დროს გრავიტაციული ურთიერთქმედებებით წარმოქმნილი ქარების დაკვირვებადი თავისებურებები და „მოქცევითი კუდები“ შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს; შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წარსულში ჩატარებულ ზოგიერთ კვლევას, რომლებიც ვარსკვლავთწარმოქმნის შეწყვეტის მიზეზად ამ ქარებს განიხილავდა, შესაძლოა, ხელახლა გადახედვა დასჭირდეს.
„ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, ზუსტად რა პროცესები იწვევს მასიურ გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესის გაჩერებას. გალაქტიკიდან გაზის განდევნისა და მისი ზრდის შეფერხების მთავარ მიზეზად ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესის თანმხლები ან აქტიურ შავ ხვრელთა მიერ გამოტყოცრნილი ქარები მიიჩნევა“, — ამბობს კვლევის ავტორი, დარემის უნივერსიტეტის ექსტრაგალაქტიკური ასტრონომიის ცენტრის მკვლევარი ანაგრაცია პულიზი.
მისივე განცხადებით, მათმა კვლევამ წარმოაჩინა იმის სრულყოფილი მტკიცებულება, გალაქტიკა ID2299-დან გაზის გამოტყორცნის მიზეზია გაზით მდიდარი ორი სპირალური გალაქტიკის შერწყმა. ორ გალაქტიკას შორის მიმდინარე გრავიტაციული ურთიერთქმედებას შეუძლია წარმოქმნას საკმარისი იმპულსის მომენტი, რათა გაზის ნაწილი გალაქტიკის შემოგარენში გატყორცნოს.
„ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკის მომავალი ევოლუცია გალაქტიკურ შერწყმებსაც შეუძლია, რადგან ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში ზღუდავს ვარსკვლავების წარმოქმნას. ამ საკითხს მეტი კვლევა სჭირდება“, — ამბობს პულიზი.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენი დრო დასჭირდა გალაქტიკა ID2299-ის სინათლის დედამიწამდე მოღწევას, ასტრონომებმა ეს გალაქტიკა დაინახეს ისეთი, როგორიც ის ცხრა მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყო, როდესაც ის შერწყმის ბოლო ეტაპებს გადიოდა.
იმ დროს სამყარო ჯერ 4,5 მილიარდი წლის იყო და მის ყველაზე აქტიურ ფაზაში იმყოფებოდა.
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებული ატაკამის ფართო მილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, მკვლევრებმა დაინახეს, რომ გალაქტიკამ საკუთარი გაზის მარაგის დაახლოებით ნახევარი გალაქტიკათშორის სივრცეში გატყორცნა.
მას შემდეგ, რაც გამოტყორცნილი გაზის ფიზიკურ მახასიათებელთა გარკვევის მიზნით ჩატარებულ წინა კვლევათა და სიმულაციათა შედეგებს საკუთარი მონაცემები შეადარეს, მკვლევრებმა გამორიცხეს, რომ გაზის ამ გამოტყორცნის მიზეზი ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი ან გალაქტიკი აქტიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს.
გალაქტიკა ID2299-დან გაზის გამოტყორცნის მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია, ის შავი ხვრელის ან ვარსკვლავთწარმოქმის პროცესის ენერგიით იყოს გამოწვეული, როგორც ამას წინა კვლევები მიუთითებდა. ამავე დროს, სიმულაციები მიუთითებს, რომ გალაქტიკიდან ამდენი ცივი გაზის გამოდევნა არც ერთ შავ ხვრელს არ შეუძლია.
გარდა ამისა, გამოტყორცნილი გაზის აღგზნება არ ეთავსება შავი ხვრელის ან ვარსკვლავთწარმოქმნის მიერ წარმოებულ ქარს.
„ეს გალაქტიკა მართლაც ექსტრემალური მოვლენის მომსწრეა. სავარაუდოდ ვხედავთ გალაქტიკის ევოლუციის მნიშვნელოვან ფიზიკურ ფაზას, რომელიც შედარებით მცირე ხანს გრძელდება. ამის დასადასტურებლად, ALMA-ს გამოყენებით კიდევ ასზე მეტი გალაქტიკის შესწავლა მოგვიწევს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ემანუელ დადი.
კვლევის კიდევ ერთი ავტორის, ლიონის ასტროფიზიკურ კვლევათა ცენტრის ასტრონომის, ჯერემი ფენშის განცხადებით, ამ მოვლენის შესწავლამ გამოავლინა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის მოვლენები შეიძლება სულაც არ იყოს უჩვეულო და გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად გაზი მრავალმა სხვა გალაქტიკამაც დაკარგა, რაც წინა კვლევებში შეცდომით დავუკავშირეთ სხვა მოვლენებს.
„ამან კი შეიძლება უზარმაზარი გავლენა მოახდინოს გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ ამჟამად არსებულ წარმოდგენებზე“, — ამბობს ფენში.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.