აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე, ალექს ვან დერ ზვაანს ბრალი წაუყენეს
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა იურიდიული კომპანიების Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom თანამშრომელ ალექს ვან დერ ზვაანს ბრალი წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის 2012 წელს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსთვის იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა აპირებდა, რომ ეს ანგარიში ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამოეყენებინა – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ვერსიით, Skadden-ის ლონდონის ფილიალის იურისტ ალექს ვან დერ ზვაანს ბიზნესპარტნიორ პოლ მანაფორტთან და რიჩარდ გეითსთან შეხვედრასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი.
პოლ მანაფორტს და რიჩარდ გეითსს ბრალი 12 მუხლით აქვთ წარდგენილი. ბრალდებებს შორისაა ლობისტური საქმიანობა უცხო ქვეყნის მთავრობის სასარგებლოდ და დაფინანსების მიღება უცხო ქვეყნის მთავრობისგან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მანაფოტმა მილიონობით დოლარი მიიღო იანუკოვიჩის პარტიისგან, რომელსაც ლობირებდა.
2011 წელს უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ტიმოშენკოს ბრალი ედებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და 2009 წელს რუსეთთან გაზის სფეროში უკრაინისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში. 2012 წელს იუსტიციის სამინისტრომ Skadden იქირავა იმისთვის, რომ ტიმოშენკოსთან დაკავშირებით ანგარიში მოემზადებინათ. Skadden-ის მომსახურება უკრაინის მთავრობას 8,5 მილიონი გრივნა დაუჯდა.