აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გენპროკურორსა და თეთრი სახლის ყოფილ კონსულტანტს კონგრესთან თანამშრომლობას აიძულებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გენპროკურორსა და თეთრი სახლის ყოფილ კონსულტანტს კონგრესთან თანამშრომლობას აიძულებენ

დემოკრატები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლას აძლიერებენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარსა და თეთრი სახლის ყოფილ იურიდიული კონსულტანტ დონ მაკგანს კონგრესთან თანამშრომლობას კანონით აიძულებენ. მათ წინააღმდეგ იურიდიულ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ბარი და მაკგანი კონგრესის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ და კონგრესმენებს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების შედეგებს სრულად არ წარუდგენენ.

მიღებული რეზოლუცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს აძლევს საშუალებას, აშშ-ის გენერალურ პროკურორსა და თეთრი სახლის ყოფილ იურიდიულ კონსულტანტს სასამართლოში უჩივლოს.

მანამდე წარმომადგენელთა პალატამ მოუწოდა დონ მაკგანს, კონგრესში მოსმენაზე მივიდეს, თუმცა ტრამპის განკარგულებით, ის საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდა.

აშშ-ის გენერალური პროკურორი კი ამ დრომდე უარს ამბობს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების სრულად გასაჯაროებაზე.

მიულერის გამოძიება ორ წელს გრძელდებოდა და ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იკვლევდა. მარტში მიულერმა განაცხადა, რომ ტრამპის ან მისი გარემოცვის წევრების რუსეთთან შეთქმულება არ გამოვლინდა.