ვასილ კაჭარავა - არაფერში არ ჯდება ის, რომ თურმე, მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინმა დანიშნა
არაფერში არ ჯდება ის, რომ თურმე, მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინმა დანიშნა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ვასილ კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ტრამპის გარემოცვის პასუხისგებაში მიცემა გაგრძელდეს და რამენაირად ტრამპამდე მივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მიულერის გამოძიებამ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან ურთიერთობა ვერ დაადგინა, ვასილ კაჭარავამ აღნიშნა, რომ პროცესი ტრამპამდე ვერ მივა, მაგრამ ამის ტირაჟირება 2020 წლის არჩევნებამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, ეს იყო თავიდან ბოლომდე პროვოკაციული, დემაგოგიური ნაბიჯი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ტრამპს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა.
„2016 წლის კამპანია აშშ-ის ისტორიაში იყო ერთ-ერთი ურთულესი, უმძიმესი და ალბათ, ყველაზე დაუნდობელი. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან პრინციპული იდეოლოგიური შეჯახება. ფსევდო პოლიტკორექტულობას შეფარებული დემოკრატიული პარტია, რომელიც ლიბერალიზმს წინა პლანზე სწევს, უპირისპირდება აშშ-ის ტრადიციულ კონსერვატიზმს, რომელსაც ტრადიციულად, რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ კატასტროფული, მათთვის მოულოდნელი მარცხი განიცადეს, აშშ-ის პრეზიდენტის ყველანაირად შევიწროება, ზეწოლა, შანტაჟი და ცილისწამება დაიწყეს“, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, მოიგო თუ არა გამოძიების შედეგით 2020 წლის არჩევნები დონალდ ტრამპმა, ვასილ კაჭარავამ განაცხადა, რომ წესით, მან უნდა მოიგოს.
როგორც კაჭარავამ აღნიშნა, არჩევნების შედეგად მოსულმა ტრამპმა თავისი ყველა დანაპირების შესრულება დაიწყო, დემოკრატები ძალიან დიდ გავლენას კარგავენ და ტრამპის მიმართ წამოსული ბრალდებების მიზეზი სწორედ ესაა.
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რატომ ჩამოყალიბდა დასავლეთის კულტურულ ცხოვრებაში ანტიტრამპიზმი და ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ განწყობები, ვასილ კაჭარავამ განაცხადა, რომ ეს დიდი იდეოლოგიური ბრძოლის ნაწილია.
„ახლა რომ ამბობენ, ანტისემიტიაო. გამოვიდა ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ამდენი ხანია ასეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ლიდერია და სრულიად გულახდილად თქვა, თქვენნაირი მეგობარი ისრაელს არ ჰყოლიაო. ამ დროს, ამერიკა ისრაელის ყველაზე დიდი მოკავშირე და მხარდამჭერია და რამდენი სიკეთე ახსოვს ისრაელს აშშ-სგან, არა? ტრამპს ახლა, კიდევ ერთ ანტისემიტიზმს აბრალებენ. აი, ასეთი ლოგიკით მიდის ტრამპის რუსეთთან ღალატი, ასეთი ლოგიკით არის ის თურმე, სექსისტი, რასისტი და ა.შ. ამ დროს, კაცი თავის სამშობლოს იცავს უკანონო მიგრაციისგან. ეუბნებიან, რასისტი ხარ, ყავისფერი მექსიკელები არ მოგწონსო. ყავისფერ მექსიკელებს, შავკანიანი ამერიკელებს ამდენი სამუშაო და სიკეთე არასდროს არ მიუღიათ, რასაც ამ ადმინისტრაციის ქვეშ იღებენ, მაგრამ აი, ეს არის, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.
ანალიტიკოს მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, დონალდ ტრამპი ტრადიციული ამერიკული კონსერვატიზმის პირმშოა, თუ პოპულისტური ტენდენციის ნაყოფი, როგორც ამას ამერიკელი ინტელექტუალი, დევიდ ბრუქსი მიიჩნევს, ვასილ კაჭარავამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს პოპულისტური ელემენტები უხვად აქვს, მაგრამ კარგი პოლიტიკოსი ცოტა პოპულისტიც უნდა იყოს, რომ საზოგადოებას თავისი ხედვა გააგებინოს.
„პოპულისტი ცუდი მაშინაა, როცა შენ ლაპარაკს ყბედობად აქცევ და პირობებს არ ასრულებ, როგორც ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსი და არა მარტო ჩვენი. როცა პოპულისტი თავის დაპირებებს ასრულებს, იგი უკვე გამოდის ამ პოპულისტის ნეგატიური იმიჯიდან და ეს კაცი, ასე თუ ისე, თავისი დანაპირებების უმრავლესობას ასრულებს“, – განაცხადა ვასილ კაჭარავამ.